აქტუალური
13 მიმართულება: თავდაცვის მინისტრი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული პროექტების განხორციელების პროცესის გაცნობის მიზნით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში აკრედიტებულ ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის შტაბში შეკრებილ დიპლომატიურ კორპუსს თინათინ ხიდაშელმა პაკეტით განსაზღვრული 13 მიმართულების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 „ჩვენ პერიოდულად ვიკრიბებით როგორც თავდაცვის ატაშეებთან, ისე ელჩებთან და ერთგვარ ბრიფინგს ვუტარებთ მათ ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის განვითარების და პროგრესის შესახებ. JTEC უკვე იწყებს აქტიურ მოქმედებას. წვრთნების და შეფასების ცენტრი მაისში პირველ კონტინგენტს მიიღებს. პარტნიორი ქვეყნები მობილიზებულნი და მოტივირებულნი არიან. ისინი მხარს უჭერენ ამ პაკეტს და ქართული სახელმწიფოს წარმატებას. ჩვენი ამოცანაა, სამიტზე წარვდგეთ აბსოლუტურად პირნათელნი. ნატო-საქართველოს პაკეტში თანამშრომლობამ მარტივად უნდა აჩვენოს სკეპტიკოსსაც და ოპტიმისტსაც, რომ ამ წარმატებას აქვს საფუძველი“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.