საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ოჯახის განმარტებასთან დაკავშირებული ცვლილება აუცილებლად უნდა შევიდეს. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროკავშირისგან რაღაც ბუას შექმნა და საუბარი, რომ თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაძლებელია, ამგვარი ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის უფლება არ მოგვცეს ვინმემ, სრული სისულელეა.
არ მესმის რესპუბლიკური პარტიის მოტივი, რომ მხარი არ დაუჭიროს ამ ჩანაწერს. წინასწარ იმის თქმა, რომ საკითხი ჩავარდება, არასერიოზულია. არავინ იცის, როგორ მოიქცევიან დარბაზში ჩვენი კოლეგები. თუ ეს საკითხი ინიცირებული იქნება უმრავლესობის მიერ, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას. ეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს გაუგებარ ინსინუაციებს. ერთი უარი რესპუბლიკელების მხრიდან ვერ შეგვაფერხებს. ამგვარი ჩანაწერი უნდა არსებობდეს საქართველოს კონსტიტუციაში და იგი აუცილებლად გაჩნდება, მოსწონს ეს რესპუბლიკურ პარტიას თუ არა", - განაცხადა, კერძოდ, გია ცაგარეიშვილმა.