საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „თბილისი 24“-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის ინსტიტუტის დაზუსტებას და განსაზღვრებად - "ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა" - ჩანაწერის გაკეთებას აშშ-ის ელჩი იან კელი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და სწორედ ესაა ერთ- ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც რესპუბლიკური პარტია არ ეთანხმება ან ნორმას.
„ჩვენ ამას პოლიტიკურ შეცდომად ვთვლით და ამიტომ რესპუბლიკური პარტია ამ ინიცირების პროცესს პოლიტიკურად გაემიჯნა", - განმარტავს პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი.
კონსტიტუციაში სიტყვა "ოჯახი" საერთოდ არაა განმარტებული, ხოლო ქორწინების ასეთი დეფინიციაა: ” ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთების ინიციატივა პირველად ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ -მინისტრის პოსტზე ყოფნისას გააჟღერა:
„გამოვდივარ ინიციატივით, რომ კონსტიტუციაში შევიტანოთ ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ეს არის ჩვენი ერის უფლება, მოახდინოს აღნიშნული ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში და ოჯახის დეფინიციის განსაზღვრება იყოს კონსტიტუციურად გამყარებული”, – აცხადებდა მაშინ ღარიბაშვილი, რომლის პოსტიდან წასვლას რიგი ექსპერტები, სწორედ რომ ამ ინიციატივას უკავშირებდნენ.