საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
„წესით და რიგით, უკვე უნდა დაგვეწყო მულტიპარტიული დემოკრატიის ევროპული მოდელის შექმნა, სადაც პარტიები დამოუკიდებლად მიდიან არჩევნებზე, ხალხისგან იღებენ მანდატს და პარლამენტში შესვლის შემდეგღა ქმნიან კოალიციებს. იქ ერთი მსოფლმხედველობის მქონე ძალები ერთიანდებიან, რაც პოზიტიური პროცესია.
მგონი, ჩვენთანაც დადგა ის დრო, როდესაც ეს მოდელი უნდა მოვსინჯოთ. მხოლოდ ერთიანი მსოფლმხედველობის მქონე ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი ქვეყნის აღმშენებლობის დაწყება. ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა კიდევ 4 წელი „ქართულმა ოცნებამ“, სადაც ერთმანეთის მოძულე პარტიები არიან გაერთიანებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ, რითიც ქვეყანას დააზარალებენ. ამიტომ ჯობია, კოალიცია დაიშალოს“, - აცხადებს ხუხაშვილი.