რელიგია
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ინტელიგენციას, მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა“ - ილია მეორე

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. 6 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „ჩვენი ცხოვრება არის გამოცდა და ყველაზე იოლი გზა, ცხონებისკენ მიმავალი, არის მოწყალება, ადამიანის შეწყნარება და დახმარება. ზოგიერთი ამბობს, რომ ადამიანი უნდა მოემზადოს გარდაცვალებისთვის, მაგრამ ყველაზე მეტად უნდა მოვემზადოთ მომავალი მარადიული ცხოვრებისთვის”, – აღნიშნა პატრიარქმა.

 “ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება”, – ბრძანა ილია მეორემ.

 „მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი”, – მიმართა მრევლს პატრიარქმა.