საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული ლევან მ. ბორჯომში დააკავეს.
ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 26 თებერვალს თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. ლევან მ-მ, თანამზრახველთან ერთად, ალექსი პეტრიაშვილს თავის არეში ჩაქუჩით დაზიანებები, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – ჩაქუჩი და ბრალდებულის ქუდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქუდის შიდა ზედაპირიდან აღებული და ჩაქუჩის ტარზე არსებული გენეტიკური პროფილების დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ლევან მ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. ასევე, ჩაქუჩზე არსებული გენეტიკური პროფილის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ალექსი პეტრიაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია.