აქტუალური
თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი წარუდგინა

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობას ახალი სარდალი ჰყავს. პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დასავლეთ სარდლობის შტაბსა და II ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას წარუდგინეს.

 “მინდა, მადლობა  გადავუხადო ქვეყნის მთავარსარდალს, რომ ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების შექმნის შესახებ. დასავლეთის სარდლად ძალიან ღირსეული სამხედრო მოსამსახურე - პოლკოვნიკი ჯაბახიძე წარვადგინეთ. მას მიღებული აქვს ძალიან კარგი, მაღალი ხარისხის განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.  

 პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1999 წლიდან მსახურობს. სარდლად დანიშვნამდე ის IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური იყო. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომში მოხალისედ  წავიდა  და შავნაბადას ბატალიონში ომის დამთავრებამდე იბრძოდა. 2006-2007 წლებში კი ერაყში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.

 ძიუდოს საკავშირო ტურნირის მრავალგზის პრიზიორმა და ჩემპიონმა, სამბოში საქართველოს ჩემპიონმა პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ომის დასრულების შემდეგ სპორტული კარიერა  საბერძნეთში გააგრძელა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ისევ შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების რაზმში ჩაირიცხა.

 პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები - I, II და III ხარისხი; მედლები “გენერალი კვინიტაძე”, “გენერალი მაზნიაშვილი”, “სამშობლოსათვის თავდადებული”; ასევე სამსახურებრივ–საშტატო იარაღი და აშშ–ის მედლები საბრძოლო დამსახურებისათვის 2006 და 2007 წლებში.