აქტუალური
თინათინ ხიდაშელი: „რეფორმების გასატარებლად ახალ სარდალს სრული ლეგიტიმაცია აქვს“

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბისთვის ახლად დანიშნული სარდლის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი, ახალ სარდალთან პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძესთან ერთად, იმერეთის რეგიონში დისლოცირებული ქვედანაყოფების ბატალიონებისა და ასეულების მეთაურებს შეხვდა.

 „გასული კვირის ბოლოს დაინიშნა ახალი სარდალი. მას გვერდში უდგას თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, აქვს სრული ლეგიტიმაცია და მწვანე შუქი იმ რეფორმების გასატარებლად და ტრანსფორმაციისთვის, რომელიც ჯარში რეალურად მიმდინარეობს, - განაცხადა ხიდაშელმა.

 თინათინ ხიდაშელმა შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „მთავრობამ მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას სხდომაზე, ახალი სადისციპლინო კოდექსი მივიღეთ. ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურე გავათანაბრეთ და ვთქვით, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი; გავაუქმეთ ადმინისტრაციული პატიმრობა და გავამკაცრეთ სასჯელები მთელი რიგი გადაცდომებისთვის, მათ შორისაა აზარტული თამაშები“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.