საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საგანგებო განცხადებას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოწყობილ მორიგ ავანტიურაზე.
„ნაციონალური მოძრაობა კვლავ ცდილობს, საქართველოს მოსახლეობას თავგზა აუბნიოს, მოაწყოს არეულობა, „თბილისური მაედანი“ და არეულობის შედეგად კვლავ დაეპატრონოს ხელისუფლებას, როგორც ეს 2003 და 2007 წლებში ვნახეთ. ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ე. წ. ჯაჭვის ლოზუნგი „არა გაზპრომს!“. გაზპრომის თემა დიდი ხანია გადაწყვეტილია, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს და მათ მიერ ატეხილი წივილ–კივილი, თითქოს საქართველო აპირებს გაატაროს რუსული ინტერესები, აბსურდია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ნაციონალური მოძრაობა 2004–2012 წლებში აქტიურად ცდილობდა რუსეთისთვის მიეყიდა მაგისტრალური გაზსადენი... აგრეთვე ისინი აპირებდნენ საქართველოს რკინიგზის რუსეთზე მიყიდვას, რუსებს გადასცეს მრავალი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი: საზღვაო პორტები, ჰიდრო და თბოელექტროსადგურები, გაზ და ელექტროგამანაწილებელი კომპანიები, ოქროს საბადო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ეს არასრული ჩამონათვალია მხოლოდ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ბ–ნი იან კელი და ბ–ნი იანოშ ჰერმანი გაზპრომის შემოსვლას საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებულ და სტრატეგიულ ბიზნეს–პროექტად განიხილავენ.
მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, არ აჰყვეს სააკაშვილის მიერ მოწყობილ მორიგ პროვოკაციას, არ გამოვიდეს ქუჩაში და ჩაუშალოს ოდესის გუბერნატორს დაგეგმილი ფარსი, ისეთივე, როგორიც მან მოაწყო 2008 წლის აგვისტოს დღეებში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა აიძულა ეზეიმა წაგებული ომი”, – აცხადებს „მემარცხენე ალიანსი“.