აქტუალური
ხიდაშელმა სამხედრო ნაწილებში მეჩეთების გახსნა დაიწყო. როდის გახსნიან სინაგოგებს, გრიგორიანულ ეკლესიებსა და კათოლიკურ ტაძრებს? - საქინფორმი

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში მუსლიმი სამხედროებისთვის სალოცავების გახსნა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაიწყო. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნული გადაწყვეტილება პირველად პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააჟღერა.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქუთაისში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეით ბრიგადას ესტუმრა. თინა ხიდაშელმა საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის წინამძღვართან ბეგლარ ქამაშიძესთან ერთად ბრიგადაში მომსახურე მუსლიმი სამხედროებისთვის ბაზის ტერიტორიაზე სამლოცველო გახსნა.

 „საქართველო არის ქვეყანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ქვეყანას აქვს დემოკრატიული კანონმდებლობა და ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება. დემოკრატიული ხელისუფლება ნიშნავს სწორედ იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს შესაძლებლობა, ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, აქვს უფლება, ისარგებლოს რელიგიის თავისუფლებით. ჩვენ ეს ინიციატივა გავახმოვანეთ პანკისში ყოფნის დროს და რეალობაში დავიწყეთ მისი საქმედ გადაქცევა. ყველა ბრიგადაში, სადაც მუსლიმი სამხედროები მსახურობენ, ექნებათ საკუთარი აღმსარებლობის სრული, აბსოლუტური თავისუფლება. ამიტომ მისასალმებელია, რომ III ქვეითმა ბრიგადამ ასე სწრაფად მოუყარა თავი ყველა საჭირო პირველად ღონისძიებას, რათა გაგვეხსნა ეს სამლოცველო. იმედი მაქვს, რომ მარტის ბოლოს კიდევ ორ ბრიგადაში შევძლებთ დავასრულოთ ეს პროცესი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქართულ ჯარში მსახურობს, თანასწორია და ყველას თანაბრად  ექნება საკუთარი რელიგიით, მრწამსით სარგებლობის საშუალება. ჩვენ ამისთვის ყველა პირობას შევქმნით და ამის გარანტი თავდაცვის სამინისტროა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 საქინფორმი: ესე იგი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართული არმიის სამხედრო ნაწილებში მალე გახსნის სინაგოგებსაც, გრიგორიანულ ეკლესიებსაც და კათოლიკურ ტაძრებსაც?