საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. „ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია!“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების პროგრამაში დისციპლინის „მე და საზოგადოება“ შემოღებასთან დაკავშირებული შენიშვნების კომენტირებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მიმართ გაუთავებელი თავდასხმები და სპეკულაციები მიუღებელია.
„იმაში, რომ ადრეული ასაკიდანვე ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა ვასწავლოთ და განვუვითაროთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დადებითის გარდა არაფერია. რისკები ყველაფერში არსებობს და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ასეთი რისკების თავიდან აცილებას. პედაგოგების მომზადებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. თუმცა, რისკების არსებობის შესაძლებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი დისციპლინა საჭირო არ არის და ამაზე ყველანი ვთანხმდებით“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სახელით, განათლების მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ბრალდებები და ინსინუაციები ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე აბსოლუტურად მიუღებელია და არანაირი კავშირი ამ საგანსა და სპეკულაციებს შორის არ არსებობს. ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მომავალში, უპირველეს ყოვლისა, განხილული უნდა იყოს მთავრობაში, რადგან არ უნდა შეგვეშინდეს, ვაკეთოთ ის, რაც სწორია და აბსოლუტურად გაბედული ნაბიჯებით განვახორციელოთ პროგრამები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.