სამართალი
თავდაცვის მინისტრი სახმელეთო ძალების წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. შეხვედრის თემას უშიშროების საბჭოზე წარმოდგენილი და საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული რეფორმა - შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

 „პრეზიდენტის აქტით აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების შექმნა განისაზღვრა და უკვე დაევალა თავდაცვის მინისტრს ერთი თვის განმავლობაში ყველა შესაბამისი აქტის გამოცემა. აქტების გამოცემამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედრები გაიმართება პირად შემადგენლობასთან. ამოცანა არის, რომ სარდლობები იყოს მაქსიმალურად მობილური და საბრძოლო კომპონენტის შემადგენელი ნაწილი, ნაკლებად ბიუროკრატიული და ფუნქციები მკაცრად იყოს განსაზღვრული, პასუხისმგებლობებზე მიბმული. ეს არის ყველაზე მთავარი თემა, რომელიც ამ წუთას არსებობს ჯარში. არის განყოფილებები, დეპარტამენტები, სამმართველოები, რომლებიც ფუნქციონირებენ, სადაც ადამიანები მართლა მუშაობენ, ოღონდ არანაირი პასუხისმგებლობა ამასთან მიბმული არ არის და ეს ბუნებრივად იწვევს ერთგვარ ქაოსს. სწორედ ამ ქაოსის დალაგებას ემსახურება ამ სარდლობების ჩამოყალიბება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.