პოლიტიკა
„ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც აქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს მაღალი“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

 „ძალიან საქმიანი საუბარი შედგა გუშინ რესპუბლიკური პარტიის რამდენიმე ლიდერთან, სადაც ვისაუბრეთ პარტნიორობაზე „ქართულ ოცნება–დემოკრატიულ საქართველოსა“ და რესპუბლიკურ პარტიას შორის. გარკვეული შეთანხმებები მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში. თუ „ქართული ოცნება“ მრავალპარტიულ ფორმატში წარდგება  წინასაარჩევნოდ, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივად იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში უნდა დადასტურდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“  მნიშვნელოვნად განახლდება.

 „იმ შემთხვევაში, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, გაერთიანდება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო. ეს მიზნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებული ჩვენს მთავარ ფასეულობებსა და ტრადიციებზე და, რა თქმა უნდა, იქნება კონსენსუსი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“, – აღნიშნა პრემიერმა.