პოლიტიკა
„ვიყოთ მაგალითი სახელმწიფოებრივი აზროვნების“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. მინდა მოვუწოდო ყველა საჯარო მოხელეს, ვაჩვენოთ მეტი თავმდაბლობა, განსაკუთრებით საჯარო სივრცეში, და მივცეთ მაგალითი ჩვენს თანამოქალაქეებს, – ამ მოწოდებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი „ბათუმის წყლის“ დირექტორის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

 „საჯარო სივრცეში გაჩნდა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ შეკამათების გამო მოხდა ბათუმის ერთერთი კვებითი ობიექტისთვის წყლის შეწყვეტა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვთხოვ, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი. მინდა, გავერკვეთ ამ საკითხში და თუ ის  დადასტურდა, ამ პიროვნებამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ საჯარო მოხელეები თანამდებობას იყენებდნენ საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს შესაძლოა იყოს უსაფუძვლო ბრალდება, ამიტომ, უპირველეს ყოვლისაგავერკვეთ სიმართლეში და დადასტურების შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული ასეთი ტიპის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერ–მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა, ქვეყანაში დამკვიდრდეს საჯარო მოხელის ქცევის ძალიან მაღალი სტანდარტი.