აქტუალური
მემარცხენე ალიანსმა" საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება „მეშახტეთა სოლიდარობის კანონი“ შეიტანა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. „საქართველოს შრომის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და პარტიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ჯმუხაძემ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება „მეშახტეთა სოლიდარობის კანონი“ შეიტანეს.

„მიგვაჩნია, რომ საქართველოში წლების წინ დაწყებული და დღეს უკვე მნიშვნელოვნად წარმატებული ევროინტეგრაციის პროცესი გვავალდებულებს, „საქართველოს შრომის კოდექსში“ განხორციელდეს არსებითი ცვლილებები შემდეგ გარემოებათა გამო:

  • აუცილებელია საქართველოში არსებული შრომითი ურთიერთობების მისადაგება ევროპულ სტანდარტებთან;
  • “საქართველოს შრომის კოდექსის“ დღეს მოქმედი რედაქციით დაუცველია საქართველოში დასაქმებული მოქალაქეების შრომითი უფლებები, რადგან ,,საქართველოს შრომის კოდექსის,, მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს მხოლოდ შეთანხმებული ოდენობით შრომის ანაზღაურებას და პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს შეთანხმება არასოდეს არის სამართლიანი;
  • დასაქმებულ ადამიანებს არ გააჩნიათ საკანონმდებლო ბერკეტი, მოითხოვონ და მიიღონ შრომის ადექვატური, ღირსეული ანაზღაურება;
  • დასაქმებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის, პრაქტიკულად, იძულებითი შრომის პირობებში, რადგან ნებისმიერი პრეტენზია დამსაქმებლის წინაშე ნიშნავს უმუშევრად დარჩენას;
  • საქართველოს შრომის კოდექსის საუძველზე წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა თავისი რეალური სახით და არსით უტოლდება მონობას, რაც ადამიანებს ამყოფებს დამამცირებელ და ღირსებისშემლახავ მდგომარეობაში;
  • “საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის საფუძველზე დასაქმებული ადამიანი არაფრით განსხვავდება სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანისგან;
  • “საქართველოს შრომით კოდექსში“ არსებული საკანონმდებლო ხარვეზები მნიშვნელოვნად განაპირობებს საქართველოდან არალეგალური გზით შრომითი მიგრანტების კატასტოფული რაოდენობით გადინებას;
  • ვიზალიბერალიზაციის პირობებში მოსალოდნელია არალეგალური შრომითი მიგრაციის შუქცევადად მზარდი პროცესი;
  • შრომისუნარიანი მოსახლეობის უკონტროლო გადინება იწვევს და აჩქარებს მოსახლეობის დაბერების და დემოგრაფიული კატასტროფის პროცესს“– ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე შეტანის საკანონმდებლო წინადადებაში.

„მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები:

  1. “საქართველოს შრომის კოდექსით,, აიკრძალოს ყოველგვარი შრომითი ურთიერთობა, რომელიც არ არის შეთანხმებული წერილობით, თუ სამუშაო მოიცავს ,,საქართველოს შრომის კოდექსით,, დადგენილ 1 (ერთ) სამუშაო კვირაზე მეტ დროს;
  2. საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს ყოველგვარი (მათ შორის ზეგანაკვეთური) შრომის საათობრივი ანაზღაურების ფიქსირებული, სავალდებულოდ მინიმალური ოდენობა;
  3. საქართველოს შრომის კოდექსით განისაზღვროს შრომის საათობრივი ანაზღაურებიდან გამომდინარე შრომის ანაზღაურების არა ყოველთვიურად, არამედ - ყოველკვირეულად დაანგარიშების და გადახდის წესი;
  4. „საქართველოს შრომის კოდექსით შრომის საათობრივი ანაზღაურების ფიქსირებული, სავალდებულოდ მინიმალური ზღვარი განისაზღვროს  საარსებო მინიმუმის ხუთმაგი ოდენობიდან;
  5. „საქართველოს შრომის კოდექსი,, ცნობდეს ტერმინებს ,,ინფლაცია”  და ,,ინდექსაცია” ;

6. „საქართველოს შრომის კოდექსით“ განისაზღვროს დამსაქმებლის პასუხისმგებლობა და დასაქმებულის ინტერესების დაცვის გარანტიები იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია ან/და სხვა შეცვლილი გარემოება არსებითად შეამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის საათობრივი ანაზღაურების ოდენობას, რაც გააუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას;

„საკანონმდებლო ხარვეზი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აქვს, იძულებით, მონურ შრომას და ამ პირობებში დასაქმებული პირი ნამდვილად არის დამცირებული და ღირსებაშელახული“,– ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „მემარცხენე ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვს, მოახდინოს საკანონმდებლო წინადადებებზე კანონით განსაზღვრული რეაგირება.