სამართალი
შს მინისტრმა საჩხერეში მომსახურების სააგენტოს ახალი შენობა გახსნა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორ დავით ნიკოლეიშვილთან ერთად, საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი შენობა გახსნა.

მომსახურების სააგენტოს ახალმა სამსახურმა გახსნის დღესვე პირველი მომხმარებელი მიიღო, რომელსაც ავტომანქანის სასურველი სახელმწიფო სანომრე ნიშანი თავად შს მინისტრმა გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა მართვის მოწმობის სატესტო გამოცდა ერთ-ერთი მოქალაქისაგან პირადად ჩაიბარა.

მომსახურების სააგენტოს საჩხერე-ამბროლაურის სამსახურის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა საჩხერე-ჭიათურის გზატკეცილზე მდებარეობს. მისი გახსნის შემდეგ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სააგენტოს ყველა არსებული სერვისით ადგილზე ისარგებლონ.