სამართალი
22 წლის მამაკაცს ტრაილერი დაეჯახა

avariaგვიან ღამით, გელოვანის გამზირისა და რობაქიძის ქუჩის კვეთაზე 22 წლის მამაკაცს ტრაილერი დაეჯახა. ახალგაზრდა დანთებულ კოცონთან იჯდა, როცა ავტომობილი მოსახვევში შევიდა და მოულოდნელად დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველები ერთ-ერთ ვერსიად ტრაილერის მძღოლის გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, ტრაილერის ტიპის ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან დასაკითხად გადაიყვანეს. გარდაცვლილის ცხედარი ქალაქის მთავარ პროზექტურაში გადაასვენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კომპანია „ენ-სი-სის“ ობიექტის მშენებლობაზე მუშაობდა.

დღეს დილით კი, ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფარცხანაყანებთან ერთმანეთს შეეჯახნენ მსუბუქი ავტომანქანა "მაზდა", სატვირთო ავტომანქანა და ბათუმისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი. ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა."მაზდაში" მყოფი სამი მგზავრიდან ორი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანისას. მიკროავტობუსში მყოფი ოთხი მგზავრი მძიმედ დაშავდა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოებში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, დაშავებული მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიემეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.