საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ეხმაურება პრემიერის განცხადებას კოალიციაში არსებული დაპირისპირების შესახებ და, კერძოდ, აცხადებს:
„ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გავხდით, საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი.
ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიისა და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, იმავდროულად, საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდაფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე, შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას,რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები,რომლებიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას“.