პოლიტიკა
„სააკაშვილი და ბიძამისი თურქულ კომპანია TAV-თან კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ“ - სოსო შატბერაშვილი

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ პარტია "მემარცხენე ალიანსის" გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა თბილისის აეროპორტში გამართულ აქციაზე განაცხადა.

 „ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპიდან აზიისა და ავსტრალიისკენ მიმავალი ავიარეისებისათვის ეკონომიკურად უფრო მომგებიანია, ტრანზიტი განხორციელდეს არა თურქეთის, არამედ საქართველოს გავლით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის უაღრესად მომგებიანი იქნება. 90-იან წლებში კიდეც იგეგმებოდა თბილისში გრანდიოზული აეროპორტის მშენებლობა. სამწუხაროდ, ეს პროექტი ჩაიშალა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. იმის გამო, რომ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას ბიზნესინტერესებში არ შედიოდა ეს პროექტი, ბიძა-დიშვილი თურქულ კომპანია TAV-თან შევიდნენ კორუფციულ გარიგებაში და თბილისის და ბათუმის აეროპორტები გაასხვისეს.

 დღევანდელმა ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ისხლის სამართლის საქმე აღეძრა სააკაშვილსა და მის ბიძაზე სამშობლოს ინტერესების გაყიდვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ასეული მილიონობით ზარალის მუხლით, გაეუქმებინა ხსენებული კაბალური ხელშეკრულება, საოცარი დუმილი ამჯობინა.

 მოვითხოვთ, საქართველოსა და თურქეთის საგამოძიებო სტრუქტურებმა გამოიკვლიონ დანაშაულებრივად დადებული ხელშეკრულება, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს  საბიუჯეტო მილიონებს და აღიდგენს სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ ფუნქციას", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.