საზოგადოება
“მუსლიმებს სჭირდება სასაფლაო და უნდა გაიხსნას იქ სასაფლაო! ანდა გადავასახლოთ მუსლიმები!“ - ტარიელ ნაკაიძე

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ეს განცხადება ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე  ტარიელ ნაკაიძემ გააკეთა, რომელიც სოფელ ადიგენში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ნაკაიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება არსებულ პრობლემაზე რეაგირებას მოახდენს და სასაფლაოსთან დაკავშირებით დაწყებული კონფლიქტი სწრაფად მოგვარდება.

 „სახელმწიფო რისთვის არის? ხელისუფლება რას აკეთებს? აბა სად წაიყვანონ ამ ადამიანებმა მიცვალებულები. ხელისუფლება უნდა მივიდეს და უთხრას საზოგადოებას, რომ ეს უნდა გაკეთდეს ან უნდა გადაასახლონ მუსლიმები... თუ დამოკიდებულება ის არის, რომ ქრისტიან მრევლს აქვს უფლება, გაიტანონ უკანონობა, მაშინ სახელმწიფო არ გვქონია, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავისი მოქალაქის უფლებებს.

 ორი ვარიანტი გვაქვს - ერთი, რომ ადამიანი, რომელიც კვდება, უნდა დავასაფლავოთ და მეორე - უნდა გავასახლოთ ეს ადამიანები. მოვნახოთ უნდა ადგილი სადმე, სადაც მართლმადიდებელი არ იქნება, რათა არ შეაწუხოს მუსლიმმა მართლმადიდებლის ცხედარი. მუსლიმს სჭირდება სასაფლაო და, შესაბამისად, უნდა გაიხსნას იქ სასაფლაო“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

 შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ სასაფლაოს ადგილის მოთხოვნა გახდა. ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი - ფიზიკურად. დაშავებულია სამი ადამიანი.