საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გურიის გუბერნატორის მიმართ ნაცმედიის მიერ დაწყებული ბინძური კამპანია გურიაში აღმშენებლობის პროცესებს უკავშირდება.
„ნაცმედიის და „ნაცმოძრაობის“ სატელიტებს, როგორც ჩანს, ისე აღიზიანებთ ქვეყანაში აღმშენებლობისა და წინსვლისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რომ მზად არიან, თავიანთი ბინძური პროპაგანდისტული მანქანა მიმართონ ყველა იმ ადამიანისკენ, ვინც რეალურად საქმეს აკეთებს. „უფლებადამცველთა გაერთიანება“ თვლის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძის მიმართ, როცა ნაცმედიის ცენტრალურმა და რეგიონალურმა საშუალებებმა ათასგვარი ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი ინფორმაციები გაავრცელეს. სიდედრის დასაფლავების და სახლის დალაგების თემა უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს უფრო შიზოფრენიის მეხუთე სტადიას ჰგავს, რომელიც “ნაცმოძრაობას” შეეყარა“, - აცხადებს მჟავანაძე.
„გურიის რეგიონში დღეს საკმაოდ კარგი ნაბიჯები იდგმება რეგიონის ეკონომიკური განვითარებისკენ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ბახმაროს, გომისმთის, ურეკის, შეკვეთილის და ა.შ განვითარების დაწყება. იმის მაგივრად, ეს პროცესები ვიღაცებს უხაროდეთ, დღეს ვხედავთ აგრესიულ კამპანიას გურიის გუბერნატორის მიმართ, რომელიც უშუალო შემოქმედია აღნიშნული პროცესებისა“, - აღნიშნავს მჟავანაძე.