საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" წამყვანმა გოგი თოფაძის თავდაცვის მინისტრთან დაპირისპირების ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში თოფაძის კომპანიის დამარცხება დაასახელა.
"ორი წლის განმავლობაში ქართულ ჯარს არაალკოჰოლური სასმელით გოგი თოფაძის კომპანია ამარაგებდა. თოფაძის კომპანიამ 2014 წელს ტენდერიდან თითქმის 880 ათასი ლარი მიიღო. 2015 წელს კი თითქმის 420 ათასი ლარი.
ამასთან, 2015 წლის სატენდერო განაცხადში "ყაზბეგის" კონკურენტ კომპანიას 420 ათასი ლარი აქვს მითითებული, ყაზბეგს კი მხოლოდ 10 ლარით ნაკლები - 419990, რაც, ცხადია, დამატებით კითხვებს აჩენს.
2016 წელს კომპანია “ყაზბეგმა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წააგო და არაალკოჰოლური სასმელით ქართულ ჯარს მიმდინარე წელს უკვე სხვა კომპანია ამარაგებს", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
"შეიძლება ის, რომ მისმა კომპანიამ ვერ მოიგო ტენდერი, გამხდარიყო მიზეზი იმისა, რომ ის ასე მძაფრად დაგიპირისპირდათ?" - ასეთი იყო "არჩევანის" წამყვანის შეკითხვა თინა ხიდაშელისადმი.
„ეს არ არის იმ მასშტაბის თანხები, რომ გამხდარიყო ამ ყველაფრის მიზეზი. თუმცა, როდესაც გროვდება პრეტენზიები, ამანაც შეიძლება ითამაშოს თავისი როლი", - განაცხადა პასუხად თავდაცვის მინისტრმა.
გაბუნია ასევე დაინტერესდა, ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრი გოგი თოფაძეს ესაუბრა თუ არა: "მე ასეთ თემებზე ვერავინ დამელაპარაკება. ეს იცის ყველამ, ვინც მიცნობს... თინა ხიდაშელთან საქმეებს ვერ ჩააწყობენ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.