პოლიტიკა
ევროკომისია უახლოეს პერიოდში მიმართავს ევროპარლამენტს და ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების ინიციატივით

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა „კურიერთან“ საუბრის დროს გააკეთა, თუმცა კონკრეტული თარიღი მიხეილ ჯანელიძეს არ დაუსახელებია. მინისტრი ამბობს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება უკვე შეასრულა.

 ამავე თემაზე „კურიერთან“ ისაუბრა ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემაც, რომლის თქმითაც, საქართველოსა და უკრაინის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა ცალ-ცალკე მოხდება, თუმცა, გამოცხადდება თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ერთდროულად ორივე ქვეყანასთან მიმართებაში, ცნობილი არ არის.

 იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ევროპაში უვიზოდ იმოგზაურონ, აუცილებელია, ცვლილება შევიდეს რეგულაციაში, რომელიც განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც ევროპაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ. რეგულაციაში ცვლილების შეტანისთვის კი ევროკომისიამ შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება ევროპის პარლამენტს და ევროსაბჭოს უნდა გადაუგზავნოს, სადაც პროცესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.