საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. რუსეთი და ასადის რეჟიმი ევროპული სტრუქტურების განადგურების მიზნით, მიზანმიმართულად "მიგრაციის შეიარაღებას" ცდილობენ, - ამის შესახებ განცხადება ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ფილიპ ბრიდლავმა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების მხრივ ვითარება რთული და სერიოზულია.
"მე არ შემიძლია დავასახელო სხვა მიზანი გარდა იმისა, რომ ამით ისინი ლტოლვილების ნაკადის გამოწვევას და ამ პრობლემის სხვის პრობლემად გადაქცევას ცდილობენ", - აღნიშნა ბრიდლავმა.
მისივე განცხადებით, ევროპა "აგრესიული რუსეთის" წინაშე დგას, რომელიც ცდილობს მსოფლიოში წამყვანი როლი დაიბრუნოს.
"რუსეთმა აირჩია ყოფილიყო მოწინააღმდეგე, იგი აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი მოკავშირებისა და პარტნიორებისთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს", - აღნიშნა ბრიდლავმა.
ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის თქმით, რუსეთი იყენებს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო საშუალებებს და ახორციელებს სამხედრო ზეწოლას სხვა ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად. ბრიდლავის თქმით, აშშ და მისი ევროპელი პარტნიორები ერთად მუშაობენ, რათა რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში მზად იყვნენ.