საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. გილოცავთ! ჩვენმა უკომპრომისო ბრძოლამ და მცირედმა მსხვერპლმა შედეგი გამოიღო. რესპუბლიკელებმა უკან დაიხიეს! - ამ განცხადებას აკეთებს მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე „რეპორტიორთან" საუბრისას.
„საკონსტიტუციო შესწორების პროექტი, რომელიც საბოლოოდ აკრძალავს იდენტურსქესიანთა ქორწინებას, მიღებული იქნება! უახლოეს ერთ კვირაში შეგროვდება საჭირო 76 ხელმოწერა და შემდეგ დაიწყება შესაბამისი იურიდიული პროცედურები. ახლა მთავარია, ორივე სესიაზე მოხდეს საბოლოო კენჭისყრა და ამ პარლამენტმა მოასწროს შესწორების მიღება!
თქვენი, ქართველი ერის ნებამ და შიშმა, რომ ამ შესწორების არმიღებას სერიოზული კატაკლიზმები მოჰყვებოდა, გადაწონა ყველა ზეწოლა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარედანაც მოდიოდა!
მართალია, დღესაც მაფრთხილებენ, რომ არ მაპატიებენ ამ თვითნებობას, მაგრამ ამ საქმისთვის ყველაფერი ღირს! დიდი მადლობა უმრავლესობის ყველა იმ წევრს, რომლებიც გვერდით დაუდგნენ ამ იდეას! ჩვენთან არს ღმერთი!", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
ამასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა" ულოცავს და მადლობას უხდის ბატონ სანდრო ბრეგაძეს - უფლის სიტყვის დაცვისთვის, ქართველთა ეროვნული სულის ჩანავლებული ნაკვერჩხლის გაღვივებისთვის, იმ სტრესის გადატანისთვის, რამაც ყველა ჩვენგანის მაგივრად მის მხრებზე და ფსიქიკაზე გადაიარა და უბრალოდ - ქართველობისთვის! „ჩვენ, ემიგრანტები, არსად მივდივართ! ვიდექით, ვდგავართ და ვიდგებით უფლის სიტყვის სადარაჯოზე! ,,არ გადავა გარდუვალი", ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს; გილოცავთ ქართველებო ამ პირველ გამარჯვებას, ჩვენი წილი დიდგორი მოსაგები გვაქვს, ჩვენთან არს ღმერთი!“ - წერს ლიგის ფეისნუქ-გვერდზე მისი დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ქალბატონი ელიზა აბელაშვილი.