საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. 16 მაისიდან “ურალის ავიახაზები” სანკტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს. რეისის შესრულება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება. კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანკტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო. საღამოზე, რომელსაც რუსეთის რეიტინგული მედია საშუალებების, ტურსააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რუსეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება აპრილიდან დაიწყება.