საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. 2016 წლის 29 თებერვალს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებსა და თანათავმჯდომარეებს შორის.
შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი დავით დონდუა.
ქართულმა მხარემ თანათავმჯდომარეებს გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება. ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და მილიტარიზაციის ფაქტებს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების გარანტიებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.
თანათავმჯდომარეებს მიეწოდათ ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი დიპლომატებისათვის გადაადგილებაზე დაწესებული ხელოვნური ბარიერების შესახებ, რაც კიდევ უფრო იზოლირებულს გახდის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი სამყაროსგან და ხელს შეუწყობს მათ დე-ფაქტო ანექსიას რუსეთის მიერ.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო, დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების გამო, ამ ფონზე, განსაკუთრებულად აღინიშნა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის სათანადო განხილვის აუცილებლობა.