აქტუალური
პანკისის ხეობა: საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში პანკისელების გაწვევა დასრულდა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პანკისის ხეობაში საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის მსურველთა რეგისტრაცია დაასრულა. პანკისელი ახალგაზრდების ქართულ ჯარში სამსახურის სურვილის შესახებ ანგარიში თავდაცვის მინისტრმა ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურისგან, პოლკოვნიკ მამუკა ქავთარაძისგან მოისმინა.

 „პანკისელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად გავახანგრძლივეთ საკონტრაქტო სამსახურში მიღების პერიოდი იმისთვის, რომ შესაძლებლობა მიგვეცა ამ ადამიანებისთვის, ემსახურათ ქართულ ჯარში. ამ წუთის მდგომარეობით 33-მდე განაცხადი გვაქვს მიღებული. ახლა უკვე დავიწყებთ მათთან ერთად მუშაობას, რომ შეიკრიბოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ისინი რაც შეიძლება სწრაფად ჩაებან ამ საქმიანობაში. იმედი მაქვს, შემდეგი გაწვევისთვის უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.