საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. იმ შემთხვევაში, თუ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესში თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი დადასტურდება, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამ საკითხზე მასალას გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საგანგებოდ აიღო შვებულება, ატარებდა წინასაარჩევნო აგიტაციას, სათავეში ჩაუდგა წინასაარჩევნო შტაბს და გამოიყენა მისდამი დაქვემდებარებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფების ჯარისკაცთა ხმები, რათა პარლამენტში გაეყვანა თავისი მოგვარე და თანაპარტიელი - რესპუბლიკელი თამარ ხიდაშელი.
„პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. თუკი თავდაცვის მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება დაუდასტურდება, მას ჯარიმა ან 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება“, - წერს გამოცემა.
„პროკურატურა ხიდაშელს ვერ გაამართლებს. არაერთი ფაქტი, მტკიცებულება და მოწმეა, თუ როგორ ერეოდა თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს არჩევნებში. წესით, თავდაცვის მინისტრი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რომ ჯარისკაცებზე ზემოქმედება არ მოახდინოს, თუმცა არ მგონია, რომ ეს მოხდეს.
დიახ, თინა ხიდაშელმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, მისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. ასევე ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა“, - აცხადებს საგარეჯოს მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი ირმა ინაშვილი.