საზოგადოება
„სამთავრობო კომისიას ევროსასამართლოში გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურაზე მეტი დაფიქრება მართებს“ - „ახალგაზრდა ადვოკატები“

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები“ ევროსასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის შერჩევის სამთავრობო კომისიის მიმართ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

 ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეს თაღლითობის ნიშნებით. საქმე ეხება აჭარაში როლანდ ბლადაძის შემთხვევას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულებით საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა და სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.

 „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი მიმართავს სამთავრობო კომისიას: „ვიდრე გიორგი პაპუაშვილი მოქალაქე როლანდ ბლადაძის მიმართ უკანონოდ ჩამორთმეულ სახლში ცხოვრობს, ვიდრე არ არის აჭარის ა/რ პროკურატურაში გიორგი პაპუაშვილის ქმედების გამო სისხლისამართლებრივი გამოძიება დასრულებული, არავითარი ლეგიტიმური საფუძვლები არ შეიძლება არსებობდეს გიორგი პაპუაშვილის სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლედ განხილვასთან დაკავშირებითაც. გვაქვს მოლოდინი, რომ სამთავრობო კომისია არ დაუშვებს საბედისწერო შეცდომას“.