საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. „როდესაც არჩევნების გაყალბებას აბრალებენ ჯარს, ეს არა მხოლოდ თინა ხიდაშელს ეხება, ეს არის საკითხი, რომელზეც მე არ შემიძლია თვალი დავხუჭო,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას „დღის ამბებისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ბიჭები, ქართველი სამხედროები ცხვრები ჰგონიათ, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია აქვთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
„მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს გამოიცა ბრძანება, როდესაც ისინი დაუბრუნდნენ დისლოკაციის ადგილს. ახლა იმაზე ლაპარაკობენ, რომ მე ხელოვნურად გადავაადგილე ჯარი სვანეთიდან, სამეგრელოდან... გამოდის, რომ იანვარში მინდია ჯანელიძემ ზუსტად იცოდა, რომ მას მაისში გადააყენებდნენ მინისტრობიდან, ასევე ზუსტად იცოდა, რომ ის ადამიანი, რომელიც მის ნაცვლად მინისტრი გახდებოდა, იქნებოდა საგარეჯოს მაჟორიტარი და შესაბამისად, საგარეჯოში რიგგარეშე არჩევნები იქნებოდა ჩასატარებელი, რომელიც გასაყალბებელი იქნებოდა და ამიტომ 2015 წლის იანვარში დილოკაციის ადგილად განუსაზღვრავთ საგარეჯო - ხომ ხვდებით, რა დონის აბსურდზე ვლაპარაკობთ“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.