აქტუალური
თინათინ ხიდაშელი: "ეუთოში რუსეთის ელჩმა პირდაპირ მითხრა, რომ ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს"

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა "TV პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას განაცხადა.

 „გასულ კვირას ეუთოში ვიყავი და რუსეთის ელჩმა სრულიად პირდაპირ, 56 ელჩის თანდასწრებით მითხრა, რომ მე ძალიან ხშირად ვსაუბრობ ნატოში ინტეგრაციაზე და ეს მას აწუხებს... თქვა, რომ მე და ჩემი მეუღლე ვართ ძალიან სერიოზული პრობლემა რუსეთისთვის დღეს. ეს მან ღიად თქვა სხდომაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოკვეთილია ჩვენი ლიბერალ-დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება და რომ ეს რუსეთისთვის არ არის მისაღები“, -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

 „მან თქვა, რომ ოქტომბრის შემდეგ არ ვიქნები ხელისუფლებაში იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, რომ რუსეთის სწორი და ჭკვიანური მოქმედებების გამო, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება იმ ორიენტაციის სასარგებლოდ, რომელიც მათ უნდათ. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი ინტელექტი აქვს და ვიღაცას ნაკლები. ვიღაც ახერხებს, ისე შეფარულად თქვას სათქმელი, რომ ხელი პირდაპირ ვერ დაადო და ვერ უთხრა, რუსი ხარო. ვიღაცა კი ამას ვერ ახერხებს“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.