საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი.
„რამდენი ხანია ნორმალური ძილი არ ღირსებია. ცოტა ხნით ჩაეძინება, კოშმარული სიზმარი შეუშფოთებს სუნთქვას და ახრჩობს. სივიწროვეს მიადგება, ვერ გავა, გაიჭედება და უხხხ! რაღაც საშინელ განცდას სიცოცხლის არარაობამდე მიჰყავს. ქვეყნის სავალალო ყოფა გაახსენდება და უიმედობის შემოტევა ყელში უჭერს. ირგვლივ ვინც უყვარს და ვისაც შეჰხარის გამოუვალ გაჭირვებაში ფართხალებს, ბრძოლაა დღევანდელი დღის როგორმე გადაგორებასთან; ხვალინდელზე ფიქრიც კი ჯოჯოხეთის შემზარავ მოლანდებად ქცეულა. სად წახვალ, რას შეაფარებ დარჩენილ დღეთა გახუნებულ უიმედობას, როცა ყველგან გაუსაძლისი ამქვეყნიურობა ბორგავს.
აირია ცხოვრება, იმძლავრა უგნურმა ღვარძლმა და იმას არ სჯერდებიან, რომ აყვავებული და გამრავლებული საქართველო საზარელ უბედურებაში შეაგდეს, რასაც ველური კაპიტალიზმი კი არა, ჯუნგლების განუკითხაობა უფრო მოუხდებოდა. ნეოფაშიზმის შხამით მოწამლული, გაზულუქებული, წარსულის განუკითხავად მაგინებელი დღევანდელი თავხედი უვიცობა მის გასამართლებას ითხოვს და ვერ ხვდებიან, რომ ბრალმდებლის სავარძელს ჩაჭიდებულები ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდებიან, თორე მომავალში მათი ძალიან მკაცრი სასჯელის წინაშე წარდგომა გარდაუვალია.
ამ ფიქრებით დამძიმებული გარეთ გავიდა. ჯერ კიდევ ძალაშერჩენილ ბნელეთს მტრედისფერი განთიადი ახუნებდა. შაშვების გადაძახილმა გამოაცოცხლა, სიამოვნებით დაეწაფა მის ჰანგებს და ჭერმის ხის ქვეშ ჩამოჯდა. შაშვები საამოდ და ტაქტიანად სიმღერით საუბრობდნენ. სულაც არ ჰგავდნენ ტელეშოუებზე თუ პარლამენტში აყბედებულ პოლიტიკოსებს, ერთმანეთს ლაპარაკს რომ არ აცდიან აბდაუბდა, დემაგოგიური ყბედობით და წივილ-კივილით მოკამათის გადაფარვას ცდილობენ. შაშვების სიმღერით გადაძახილს ყური დაუგდო, სიამოვნებით გააჟრჟოლა. ერთი მის ჭერამზე იჯდა, მეორე შორს, მსხლის კენწეროდან უყვებოდა რაღაც ამბავს. ახლომახლო და უფრო მოშორებითაც შაშვების საამური ბაასი ავსებდა სივრცეს. ყური დაუგდო, იქნებ გაიგოს რაზე გალობენ ამ დილის ოპერეტაში. მათი საუბარი თავისი ოცნებით თარგმნა:
- დროზე გამოფრინდი, შენი ჭერმის ქვეშ ადამიანი ზის! - გააფრთხილა მსხლიდან.
- საშიში არ არის, ეს ის ადამიანია ამას წინათ ონავარ ბიჭს კისტის თოფი რომ წაართვა, შაშვებს ნუ ესვრიო და ყური აუწია; მას შემდეგ ის ბიჭი აღარ გვემტერება,-უპასუხა.
- მაგან ჩემი ბუდიდან ჩამოვარდნილი ბარტყი ბუდეშივე ჩასვა და კატა გააგდო, - შორიდან სხვა ჩაერთო ამათ საუბარში.
- რას აპირებ, ზაქარ, ცოლს რატომ არ ირთავ, რაც დედა შაშვი დაიღუპა ბარტყების მოვლა არ გიჭირს? - შეეკითხა მსხალზე მჯდომი.
- დედალი შაშვი ჯერ ვერ შევიგულე და გარყვნილი ადამიანი ხომ არ ვარ, მამალი შევირთო,- სამივე ერთ ნოტზე ამღერდა, ეტყობა იცინიან გაიფიქრა მსმენელმა.
- ამ ბოლო დროს ჩვენ მეზობელ ადამიანებს რაღაც ჭირი შეეყარათ, ახალგაზრდები სადღაც გაფრინდნენ, ადგილზე მარტო ბებრებიღა არიან, ესენიც რომ დაიხოცებიან, ვინმე ბოროტი კი არ მოვიდეს,- მოიჩივლა ჭერემზე მჯდომმა.
- თქვენ არ გაგიგიათ? ვიღაც წყლის იქიდან მოსული უცხოელი გაბატონებულა, ახლა თავისი მომხრე დედაკაცი დაუნიშნია თავდაცვის მინისტრად, რომ ეს ხალხი გადააშენოსო, - განმარტა ქვრივმა ზაქარამ.
- ესენი ამოწყდნენ, ის ვიღაცა ჩვენ სიკეთეს არ დაგვაყრის, - მოიჩივლეს.
- რა ვქნათ, ჩვენ რა შეგვიძლია? წავიდეთ, კოლორადოს ხოჭო მაინც მოვაცილოთ ამათ კარტოფილებს, - შაშვები კარტოფილის ნათესში გაიფანტნენ და დაიწყეს ბარტყების გამოკვება. უკვე კარგად ინათა, მათი საამური სიმღერა შეწყდა. ჭერმის ქვეშ მჯდარი კაცი კი თავის ფიქრებთან ჭიდილში გაერთო:
ადამიანი რაც უნდა უზრუნველყოფილი იყოს, უკმაყოფილოა და უცნობი უკეთესის ძიებაში ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში მოხვედრილი ადრინდელს მისტირის, რომელსაც ვეღარასოდეს ეღირსება. არსებობას კი მაშინაც ახერხებდა, კეტით და ქვით უამრავ მხეცთაგან რომ იცავდა თავს და მონობის უღელდადგმული ძონძებში გახვეულ სიცოცხლეს ბეჩავი ყოფის განუკითხაობაში ტანჯვა-წამებით დაათრევდა. ოცნება კი იმისი შესაბამისი აქვს, როგორ სინამდვილეშიც უწევს ცხოვრება. მაგნატს და ოლიგარქს დედამიწა გადასაყლაპად არ ყოფნის, გაუმაძღრობაშეყრილს სხვისთვის ნუგეშის სიტყვაც არ ემეტება, სამაგიეროდ სიცრუის საპნის ბუშტებს ყველა მიმართულებით აბნევს, სანამ იმავე სიცრუის კერძად არ იქცევა.
ვერავითარი სიმდიდრე და უზრუნველი ცხოვრებით ქოსმენის განცხრომა ვერ შეედრება იმ დიდი სიყვარულის განდას, რითაც ხალხი აჯილდოვებს მისთვის თავდადებულ ერთგულ მამულიშვილებს, ერის ბნელეთის ჯურღმულებიდან გამოსაყვანად საკუთარი სიცოცხლე ჩირაღდნად რომ აუნთიათ. ისინი არ კვდებიან, რამეთუ მათი სამშობლოს სიყვარულის მგზნებარე ცეცხლი დღესაც ათბობს და გზას უნათებს მადლიერ შთამომავლობას.
დამუშავებულ, ნოყიერ ნიადაგში კარგად ხარობს კულტურული მცენარე, სარეველაც გაათკეცებული ენერგიით იდგამს ფესვს და ანადგურებს ყველაფერს სასიკეთოს. მის ამოსაგდებად ადამიანმა დროზე თუ არ იზრუნა, მშვიდობით საარსებო მომავლის აღების იმედო.
რა ხდება დღეს? ნუთუ განვითარების მაღალი დონე კაცობრიობას გაუმაძღრობის, უზნეობის და სქესობრივი გარყვნილების ჭაობში ამოახრჩობს?! სხვა რა შეიძლება ეწოდოს ერთსქესიანთა სიბინძურის ასე სარეველად მომრავლებას და სახელმწიფოთა დონეზე მის დაკანონებას?! გასაკვვირია, ამას დემოკრატიის მიღწევად რომ ასაღებენ. თავისუფლებად წოდებული აღვირახსნილობის პარპაში ჭირის დღედ იქცევა, თუ საბმურიდან აშვებული აჯილღასავით გაჭენდა. ასევეა ძალაუფლების მფლობელთა მედროვის მანკიერებანი, დანაშაულებზე მხოლოდ სუსტნი რომ ისჯებიან.
დღეს საერთაშორისო სამართალი იმ მგლის მიერ გაკვალულ ბილიკს მიყვება, მის ქვემოთ, წყაროსთან მდგარი ბატკანი წყალს რომ უმღვრევდა; პარტიები და სახელმწიფოებიც ძლიერის ჭირვეულობაზე აგებენ თავიანთ სიმპათია-ანტიპათიებს.
დაიშალა საბჭოთა კავშირი და ცივი ომის გაცხელების საზარელი მოლანდება გაქრა. ნატოს სამხედრო მანქანას ფუნქცია აღარ დარჩა, ის კი, გაუქმების მაგიერ, ყოფილი სოციალისტური ქვეყნების შემოერთებით გაიბერა და გააგრესიულდა. ახლა აღარავინ ეღობებოდა წინ. რუსეთი ქონების დატაცების განუკითხაობაში ჩაიძირა და საბაზრო ეკონომიკად წოდებულმა ველურმა კაპიტალიზმმა გვარიანად დაკბინა. დასუსტებული და მრავალი მღრღნელის მიერ გამოხრული მომაკვდავ თაგვს დაემსგავსა, რომელსაც ევროატლანტიკური ტურები ნერწყვის ყლაპვით შეჰყურებდნენ და მოუთმენლად ელოდნენ მისი გაწეწვის მომენტის დადგომას. მანამდე კი რუსეთის ისტორიული მოკავშირე და მეგობარი - სერბია სისხლის აბანოში შეაგდეს, ჯიჯგნეს და დააჩიავეს. მგლის მიერ ბატკნისადმი წაყენებული ბრალდებაც ძალის პოლიტიკიდან მოიხმარეს. ამგვარად მოინადირეს ერაყი, ლიბია, ავღანეთი, იემენი; ესტონეთში ამერიკის მძიმე ტექნიკის შეყვანით რუსეთს თითი უქნიეს და ახლა თვით უკრაინაში ფაშისტური განუკითხაობის ბუღი დაატრიალეს. არადა რუსი და უკრაინელი თითქმის ერთიანი ერია. აქამდე თუ რუსეთი ნატოს ჩხვლეტებზე გაბრუებული დათვივით თითქმის არ რეგირებდა, ახლა საბოლოოდ გამოფხიზლდა და ის ბრჭყალები გამოაჩინა, რომლითაც არაერთხელ დაუფხრეწია დასავლეთის თავხედობა. დღეს რუსეთი დარბევა-დატაცების შოკიდან გამოსული უძლიერესი სამხედრო პოტენციალის ზე-სახელმწიფოა და მასთან ასეთი თავხედობა ცივი კი არა, ცხელი ომის საფრთხეს აშკარად აღვივებს. უაღრესად მაღალი კულტურის გერმანელ ერს შეეყარა ფაშიზმის საზარელი ცოფის პანდემია. თუ არა სხვა ერების ძალისხმევა, მისგან განკურნება გაუჭირდებოდა; ძალიან ბევრი სული დაკარგავდა ადამიანის სახეს და კაცობრიობის უბედურებად გადაგვარდებოდა. გერმანია განიკურნა ამ ჭირისგან, მაგრამ თაობებს მონანიებად და სირცხვილად შემორჩებათ ამ ჭირის ტყვე მანიაკების მიერ ჩადენილი დანაშაულებანი.
ქართველი, უდიდესი კულტურის მცირე ერი, კაცთმოყვარების საუკეთესო მაგალითია. სწორედ მას დაასიეს ნეოფაშიზმით მოწამლულთა ბანდა, რომელთაც მხოლოდ ქართველი ერის გადაგვარება-მოსპობა და გადაჯიშება ხელეწიფებათ. საქართველო კი ჯერაც ისევ უცხოეთიდან თავსმოხვეული აგენტის პარპაშის ტყვეობაშია და გამოსავალი იგვიანებს.
დავიწუნეთ ძველებური ცხოვრება და ახლის ძიების სურვილს შევეჭიდეთ. აიშალა უცხოეთიდან შემოგზავნილი და ადგილზე ტვინმოწამლულთა სკა, ერი დაკნინების, დაბეჩავების და ბოლოს მოსპობისკენ მიმავალ მღვრიე დინების კალაპოტში შეიტყუეს, შედეგად ხუთნახევარი მილიონიდან სამ მილიონამდე შემცირდა, ეს პროცესი კი კვლავ გრძელდება.
ის სოციალიზმი თუ იმპერია არ მოგწონდა; უფასო სწავლებამ, სადაც სტუდენტებს სწავლის ქირას კი არ ახდევინებდნენ, სტიპენდიას აძლევდნენ, უფასო სამედიცინო მომსახურებამ, უფასო ბინების მშენებლობამ რა დააშავა? თუ ხალხისთვის სიკეთე გინდა, გეკითხა, ამას როგორ ახერხებდნენ; ანდა უმუშევრობა როგორ იქნა მოსპობილი? ის სისტემა არ ვარგოდა, მაგრამ რა დააშავეს ფაბრიკა-ქარხნებმა მიწასთან რომ გაასწორე. იმ უვარგის იმპერიას სოფლისთვის ერთი მტკაველი მიწა არ წაურთმევია და არც უცხოელებისთვის მიუყიდია. მაშინდელის მსგავს მოსავალს რომ ვეღარ იღებ ეგეც იმპერიის ბრალია?! სოფლის მიწებს უცხოელებზე რომ ყიდით ასე ხელაღებით, ეგეც ერის და ბერის სიყვარულით მოგდით, თუ საქართველოს დამაქცევართა მიმართ მონური მორჩილებით. კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ რა აზრი აქვს; საქართველოს დღევანდელი სავალალო ყოფა ისე გტკივათ, როგორც ერთსქესიანთა ქორწინებით შეუღლებულებს მშობიარობა.
დამშეული ბავშვი პურის ნაჭერს რომ მოიტაცებს კანონის დაუნდობლობით გულს უხეთქავთ. ბიუჯეტს ასე „სტერვიატნიკებივით“ რომ შემოუსხედით და როგორც გინდათ ისე ითლით ბარაქიან ნაჭრებს ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობთ?! ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკიდებულ ცოდვათა სიმძიმის თრევა ისე გაგიჭირდებათ, რომ თავის მართლების ილეთი ვეღარ გიხსნით. ძვირადღირებულ მანქანებს მათზე უფრო ძვირადღირებული მანქანებით რომ იცვლით სიგარეტის სუნის გამო, გიფიქრიათ საშინელ გაჭირვებაში ჩაძირულ ხალხზე, ხმა დიდი იმედით რომ მოგცათ? მრავალტანჯული სამშობლო არ გაპატიებთ ევროპელთა ლაქიობაზე მისი ინტერესების გადაცვლას. სად გაიქცევით, ვის და რას შეაფარებთ თავს, სადაც მრავალჭირგამოვლილი ქართველი ერის მფარველი ღვთაების რისხვა არ მოგწვდეთ. ის კლდე ძველებურად მრისხანედ დგას, სადაც ქვეყნის მოღალატე ყორღანაშვილი გადაჩეხეს. ქართველი ერი გულმავიწყი კი არა, შემწყნარებელია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. თუ მსუყე ცხოვრება და ნებივრობა საქართველოს ინტერესების ვიღაც უცხოელების ფეხების საწმენდ ტილოდ მიჩუქებით გინდათ გაინაღდოთ, გამოეტიეთ მაგ ხელისუფლების ორგანოებიდან, ეგ ადგილი პარაზიტების თავშესაყარი არ არის, მანდ სამშობლოს სიყვარულით ანთებული ადამიანები უნდა ისხდნენ, საკუთარი ერის გაჭირვებით და დალხინებით რომ იცხოვრებენ და იმ ჰაერს ისუნთქებენ თუნდაც სიგარეტის, შიმშილის და უმადური ცხოვრების სუნი ასდიოდეს. ხალხი მოატყუეთ და ნდობადაკარგული დეპუტატის, თუნდაც პრეზიდენტის უკან გათხოვის კანონის არქონით მთელი არჩევის ვადა უნდა ივაგლახოთ? ან რაში გჭირდებათ ამდენი ხალხმრავალი მიტინგების მოწყობა და იმედმიცემული ხალხის საქართველოს გაუმარჯოს ღრიალი, როცა ამერიკის ელჩი მფარველად მოგივლინათ სატანამ, ჭადრაკის ფიგურებივით რომ გადაალაგა მარიონეტი პოლიტიკოსები. ხალხის რისხვით შეფერთხილი ნაციონალები ყუთში კი არ ჩაყარა, გასაძლიერებლად უკან დასწია და წინა ხაზზე ქართულ ოცნებად წოდებული პარტიათა კოალიცია გაუშვა, ხალხის დიდი ნდობით რომ სარგებლობდა. მათაც პირველ ეტაპზე პატარა გაიბრძლეს და ნაციონალების მიერ ადამიანთა საშინელი წამების და გარყვნილების უამრავი კადრი აღმოაჩინეს, მაგრამ ხალხს უფრთხილდებიან ამ ბინძური კადრების ნახვით გაღიზიანებისგან. ის არ აშფოთებთ, ქართული ტელევიზია ბილწსიტყვაობით და სექსუალური უკუღმართობების ჩვენებით რომ ყარს. საკითხავია, ვის უფრთხილდებიან ხალხს, თუ ამ კადრების ნახვით ნაციონალების ცოდვით კიდევ უფრო დამძიმებას, რომელთა შავი მზე ბოროტების ბოდვასავით კიდია საქართველოს ცის თაღზე. სასაცილო კი თოჯინების თეატრად ქცეული საქართველოს ,,ვერხუშკის“ ამერიკელთა ხუშტურებზე როკვაა.
ახლა უკვე გამოცანა აღარ არის ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ხაშლამის ხარშვისას ამერიკელთა მიერ მოცემული ქაფქირით გადასაღვრელი უვარგისობა რომ მოქაფა და საქართველოს სახელმწიფო სუფრაზე რჩეულად მიიტანა, ნაცვლად გემრიელი და სასარგებლო პოლიტიკური ნაჭრებისა, რომელიც ქვეყანას სასიცოცხლოდ გამოადგებოდა.
ამერიკელთა მიერ ქართველი ხალხის აბუჩად აგდების თავხედობამ კეთილი ბაყაყის ნიღბის ნარჩენებიც საბოლოოდ ჩამოაგლიჯა ლგბტ კანონივით რომ შეაჩეჩა ლაქია ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრობის გამაოგნებელი კანდიდატურა. ასეთი დამცირება მონღოლებსაც კი არ უკადრიათ, რამეთუ ამ მძვინვარე ურდოში შემორჩენილი ჰქონდათ დაპყრობილი ქვეყნის რწმენისა და თავმოყვარეობის პასუხისმგებლობის გრძნობა, ამერიკელებს კი რაც დარჩათ, ისაც ერთსქესიანთა ქორწინების ექსპორტის მუქარას მიახარჯეს. ან ნიღაბი რაში სჭირდებათ, როცა მათ მიერ საქართველოში მიმოთესილი არასამთავრობოთა ეკალ-ბარდიანი სარეველა ქვეყანაში ყველაფერ სასიკეთოს დაუკბენავს არ ტოვებს. ვინ არიან, საზოგადოების რომელ ფენას წარმოადგენენ, ვინ აირჩია, ან ვინ შეარჩია ამხელა ყბედობის და დემაგოგიის უფლებით? ახლა ნახეთ მათი მყვირალა სახელწოდებები: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, ,,იდენტობა“, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,სამართლიანი არჩევნები“ და სხვა მრავალი. ვინ, ან რატომ აფინანსებს მათ? თუ ეგრე ჯიგარზე ეჭიდებათ ქართველი ხალხის უბედურება, დააფინანსონ გაჭირვებული ოჯახები, უამრავი დამშეული ბავშვი; თუნდა სიცოცხლის დასასრულის მომლოდინე შიმშილის ხახაში მოფართხალე პენსიონერები. არა, ამ არასამთავროების დაფინანსება იოლიც არის და იორღაც. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო უკეთეს აგენტურას ვერ ინატრებდა. თუ გინახიათ ნარის ეკლის თესლი როგორ დაფრინავს ნიავსა და ქარში მრავალ ადგილას ჩასათესად, ადვილად წარმოიუდგენთ აღავღავებულ არასამთავრობოთა სარეველას ხელისუფლებაში შეთესვის უბედურებას. თუმცა სახეზე გვაქვს ამგვარ სათბურში გამოყვანილი დღევანდელი ხელისუფლების ნარ-ეკლიანი ბუკეტი.
ამერიკის ნამდვილ სახეს სხვა ვერავითარი ძალისხმევა ისე ვერ გამოაჩენდა და ხალხს ისე ვერ შეაძულებდა, როგორც ამას მისგანვე გამოკვებილი და მიზანში უტიფრობით შენელებული ყეყეჩის თვითდაჯერებული და უზნეო ღავღავით ქვეყნის გაბრწყინების იმედად არსებულ ყველა სიწმინდეების დასვრის მცდელობით ახერხებენ.
რა კარგად ჟღერს პარტიული კოალიციისთვის ,,ქართული ოცნების“ შერქმევა. ქართველთა ოცნება კი მისი მრავალტანჯული სამშობლოს გამთლიანებაა, რომელიც სხვა ყველა ოცნების ახდენის იმედია. რა ხდება ამ მხრივ? გვყავს შერიგების და თანასწორობის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი სამინისტროს მთელი აპარატით. მორჩა, პრობლემა მოგვარებულია. რას აკეთებს, რით არის დაკავებული? არაფრით. მარტო, როცა ამის საშუალება ეძლევა, რუსეთს მწვიტინობს. პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტურ საშუალებად სამინისტროს შექმნა გაუხდიათ. ამრიგად გვყავს ევროინტეგრაციის მინისტრი. ამ ბოლო დროს მთაში მცხოვრებთ პრობლემებზე ალაპარაკდნენ და მაშინვე დააყენეს მთის სამინისტროს შექმნის იდეა. ნახეთ, როგორი იოლია საკითხის მოგვარება. შეიქმნება სამინისტრო თავისი გაბერილი აპარატით და ბიუჯეტის საკვებურით. ამრიგად, გასაკვირი არ არის მალე ძილის და სიზმრების მინისტრი რომ მოგვევლინოს. მთავარია, საქართველოში ამერიკელთა პარპაშს საფრთხე არ შეექმნას, თორე შენ გინდა შერიგების მინისტრი დასვი და გინდა მთვარეზე ინტეგრაციისა; ფორანს ამერიკის ელჩი მართავს. საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ქოსმენთა ჭყვიტინი კი თხა გაპონის როლს ასრულებს ხალხის ამერიკელთა ხუშტურებზე გასარეკ-გამოსარეკად. რომელი ქვეყნის მთლიანობაზეა ლაპარაკი, როცა ამერიკელების სურვილით უარესი დაქუცმაცება-დაჩეხვა კარზე მოგვდგომია. განა ამის ნათელი მაგალითი არ არის საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზის შექმნა?! რუსეთს ყველა მხრიდან უღრენენ, ისაც იძულებულია თავი დაიცვას. ევროატლანტიკურმა ,,მეგობრებმა“ ნაციონალთა ღალატით ერთი საშინელება უკვე დაგვატეხეს თავს. ახლა მასზე უარესი და საშინელი მზადდება. ამ ექსპერიმენტისთვის საქართველოს ლაბორატორიის კურდღლივით ამზადებენ.
გამოსავალი ერთია, გაატოკე ხელი და გეშველებაო, რჩევას იძლევა უფალი.
გამოფხიზლდი უამრავ ჭირთან შერკინებაში გამოწრთობილო ქართველო! შემოიფერთხე მუმლივით დასეული ვერაგი, გარყვნილი შინაური და გარეული მტრების ხროვა. თორე შენი გაქრობით, უცხოეთის ლაქიათა მიერ მოგონილ, საერთაშორისო თანამეგობრობაში შავებს არავინ ჩაიცვამს,-ფიქრის ძაფი გაუწყდა. დილის შრომით და ბარტყების გამოკვებით დაღლილი შაშვები ისევ შემომსხდარიყვნენ ხეებზე და სააამო სიმღერით ბაასს აგრძელებდნენ.
- ეგ კაცი ისევ ჭერმის ქვეშ ზის, ხომ არაფერი უჭირს? - იკითხა მსხალზე მჯდომმა.
- უჭირს რომელია, ეგ საცოდავი პენსიონერია, ყოვედღე წამალი თუ არ დალია, მოკვდება; სიკვდილი კიდეც ენატრება, მაგრამ მართმადიდებელია და ეშინია, თვითმკვლელობაში არ ჩამეთვალოსო. არადა ხან წამლის ფული უჭირს, ხან რეცეპტის შოვნა, ამ ახალმა ხელისუფლებამ პენსიონერებს მოუსავლეთის გზის შესამოკლებელ მახედ რომ დაუგო. ჯერჯერობით კი, სანამ შოვნას ახერხებს, ჩამწვარი სნთელივით ბჟუტავს, - განმარტა ქვრივმა ზაქარამ.
- ვიშ! ვიშ! ვიშ! რა ეშველება საწყალს?! - სიმღერით ალაპარაკდნენ შაშვები.
მზე უკვე კარგა მაღლა აწეულიყო და სიცხის ბუღს ანთებდა. მძიმე ფიქრებით და წლების სიმრავლით დატვირთული მხრები ძლივს ასწია, ფეხზე ადგა და შაშვებს ხელის აწევით გამოემშვიდობა“.
გივი სომხიშვილი
მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი,
აკადემია ,,აია“-ს ნამდვილი წევრი