პუბლიკაციები
"დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთი დაასუსტა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი რეალური გახადა"!

 დიახ, უკრაინის მოვლენებთან დაკაშირებით, დასავლეთის, კერძოდ კი, აშშ–ის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ, ორი წლის წინათ უკრაინის პრეზიდენტის იანუკოვიჩის პრომოსკოვური რეჟიმი შეცვალა, მათ შორის, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებითაც, რასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, უმალ მოჰყვა რუსეთის მწვავე რეაქცია.

ყირიმში, რომელსაც უკრაინის სახელმწიფოს შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა, ჩატარდა უკანონო რეფერენდუმი, რისი შედეგების საფუძველზეც ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას გამოეყო და რუსეთს შეუერთდა(ანექსია)! მოგვიანებით კი, ლოკალური საომარი მოქმედებები გაჩაღდა აღმოსავლეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასში. ამის საპასუხოდ, დასავლეთმა რუსეთს დაუწესა ეკონომიკური სანქციები, იმ იმედით, რომ ამ მეთოდის გამოყენებით რუსეთი ეკონომიკურად დასუსტდებოდა, რაც სამხედრო–პოლიტიკური თვალსაზრისით მასზედ აისახებოდა, ამის შედეგად კი, რუსეთი "უკან დაიხევდა" და ყირიმს, – უკრაინას "დაუბრუნებდა"! დასავლეთი, უწინარესად ამერიკელები, იმაში არ შემცდარან, რომ დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკა დააძაბუნა. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთს "პოლიტიკურად უკან დაეხია" და დასავლეთის მიმართ დამთმობი გამხდარიყო, მოსკოვი სულ უფრო მეტ აგრესიას ავლენდა და დღესაც ავლენს. ეს კი, ყველაზე მეტად გამოჩნდა სირიის მოვლენების გამწვავების ფონზე, მეტადრე მაშინ, როდესაც მოსკოვმა სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილების (საავიაციო დაბომბვები) გადაწყვეტილება მიიღო და ბაშარ ასადს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ხოლო, სირია–თურქეთის საზღვარზე, თურქეთის საჰარეო ძალების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ კი, რუსეთი უკვე დაუფარავად ალაპარაკდა იმის შესაძლებლობაზე, რომ თუ რუსეთის "ეროვნულ ინტერესებს რაიმე დაემუქრება", ამ შემთხვევაში, რუსეთი დასაშვებად მიიჩნევს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას იქ, სადაც საომარი მოვლენების განვითარება მას უკარნახებს.

მოკლედ, დღეს რეალობა ასეთია, – დასავლეთის ეკონომიკურმა სანქციებმა რუსეთი დაასუსტა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი რეალური გახადა! როგორც უკანასკნელი მოვლენების დინამიკა გვიჩვენებს, ეტყობა, ამერიკელები მიხვდნენ (ევროპელები, ფრანგები და გერმანელები, უფრო ადრეც), რომ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების "იმედად ყოფნა არ ივარგებს", მეტიც, სანქციების რეჟიმის ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რუსეთი უფრო აგრესიული გახდება სირიაშიც და სხვაგანაც. ამიტომ, დასავლეთი, ამერიკის პრეზიდენტის სახით დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის წინადადებას იმის შესახებ, რომ 28 თებერვლიდან შეწყდეს საომარი ოპერაციები სირიის ტერიტორიაზე, გამონაკლისია მხოლოდ ტერორისტული ჯგუფების (ისლამური სახელმწიფო , ალ–ნასრა და სხვა) მიმართ წარმოებული სამხედრო ქმედებები. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დასავლეთი რუსეთს დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მალე მოუხსნის, არა, მაგრამ, ისიც უკვე ცხადია, რომ ამ სანქციების გაგრძელება–გახანგრძლივება, დასავლეთს სასურველ შედეგს ვერ მოუტანს, პირიქით, – ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი, თავისი ბირთვული შეიარაღებით, უფრო დიდი პრობლემა გახდება მთელი მსოფლიოსათვის, ვიდრე დღეს არის! დასავლეთში, სულ უფრო ჭარბობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეიძლება და მასთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილეა საჭირო და რომ ლოკალური აგრესიების პრევენცია, საშუალებას მოგვცემს, რათა იგი გლობალურ კატასტროფად არ გადაიქცეს.

რა და როგორ განვითარდება სირიაში, თუ სხვაგან, მთელს მსოფლიოში, ამას დრო გამოაჩენს, "ასპროცენტიანი" პროგნოზირება, ალბათ შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება მართებს საქართველოს ხელისუფლებას, რადგანაც ზევით აღნიშნული მოვლენები უშუალოდ ჩვენს გარშემო ხდება და არაფერია გამორიცხული. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% – ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აქ მისი სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. დიახ, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, უნდა შეგეძლოს, რომ შენი სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით წარმართო სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები ნებისმიერ სახელმწიფოსთან, როგორი ღირებულებითი პრინციპების მატარებელიც არ უნდა იყოს იგი. თორემ, თანამდებობის მქონე ქართველი პოლიტიკოსებისგან ხშირად გაიგებთ, რომ ისინი ხელმძღვანელობენ "დასავლური ღირებულებებით და ფასეულებებით", როცა სახელმწიფო მნიშვნელობის ამა თუ იმ პრობლემებს აწყდებიან?! კი ბატონო, მაგრამ, თუ ჩინეთთან, რუსეთთან ან ისლამური სამყაროს რომელიმე სახელმწიფოსთან მოგიხდებათ ურთიერთობა (ანუ, არადემოკრატიულ ქვეყნებთან, მსოფლიოში ასეთი დაახლოებით 80% – ია), რომლებისთვისაც "დასავლური ღირებულებითი სისტემა" უცხოა და იგი მათ "არაფერს ავალებს", მაშინ როგორ მოიქცევით? რა, დასავლეთის დედაქალაქებში "ატეხავთ რეკვას", – არიქა გვიშველეთ, ვერფრით ვერ ვახერხებთ "სხვებთან" კომინიკაციასო?! ეს ხომ, "საბავშო ბაღი" იქნება და ქვეყნისთვის დიდი სირცხვილი!

ამ საკითხებზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ეს დიდი პრობლემაა ქართველი პოლიტიკოსებისთვის და ეს ჩანს გაუთავებელ საკადრო გადაადგილებებში, სუვერენული სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე, თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე რამდენჯერ შეიცვალა?! უნდა გავაცნობიეროთ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს, თუნდაც უერთგულესი სტრატეგიული პარტნიორები. სხვაგვარად არაფერი გამოვა, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, უნდა შევძლოთ ყველასთან დიალოგი, როგორი "ღირებულებითი სისტემის" მიმდევარიც არ უნდა იყოს ესა თუ ის სახელმწიფო!!!...

 

ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

guardian.ge