უცხოეთი
აზერბაიჯანმა საპროტესტო ნოტა გადასცა რფ-ს სომხეთისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, მოსკოვის მიერ სომხეთისთვის იარაღის მიყიდვის გამო, რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მეთ გაჯიევმა განაცხადა.

 „საპროტესტო ნოტაში მითითებულია, რომ აზერბაიჯანმა არაერთხელ აცნობა საერთაშორისო თანამეგობრობას იმის შესახებ, რომ სომხეთის მიერ შეძენილი სამხედრო ტექნიკა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზეა დისლოცირებული“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

 გაჯიევი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მსგავსი ქმედებებით რეგიონში მდგომარეობას გაართულებს და ეს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მოგვარებას ხელს არ შეუწყობს.

 რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციამ სომხეთში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე „მიგ-29“-ს ტიპის ავიაგამანადგურებლები და „მი-8“-ს ტიპის ვერტმფრენები გადაისროლა.