საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ნაციონალურ მოძრაობას“ განცხადებით პასუხობს და განმარტავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მირიან მჭედლიშვილის დანიშვნით კანონი არ დარღვეულა.
"უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს მირიან მჭედლიშვილს თანამდებობა დაკავებული აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მის მიერ თანამდებობის დაკავება სრულ შესაბამისობაშია “თავისუფლების ქარტია” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისად, მითითებული განცხადება არის ცილისმწამებლური და არ შეესაბამება რეალობას", -აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მირიან მჭედლიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გაასაჯაროვეს კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთი, სადაც ნათქვამია, რომ მჭედლიშვილი 1985 წელს რაიკომის ინსტრუქტორად მუშაობდა.