აქტუალური
გამოგონება - მექანიკური წყალსაქაჩი ტუმბო, რომელიც ჰიდრავლიკული დარტყმის პრინციპით, 24 საათის მანძილზე ადამიანური რესურსის გარეშე მუშაობს

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. ელექტროენერგიისა და საწვავის გარეშე წყლის აქაჩვა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზეა შესაძლებელი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და კომიტეტის წევრები სოფელ სააკაძეში გამომგონებელ სოსო ნარჩემაშვილის მიერ გამოგონებული და დაპატენტებული წყალსაქაჩი აგრეგატის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. როგორც თავად გამომგონებელი ამბობს, მის გამოგონებას მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. ტუმბოს ყოველგვარი დანახარჯების გარეშე წყლის ატანა რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე შეუძლია, რაც მთაგორიან სოფლებს წყლის მიწოდების პრობლემებს მოუხსნის. ჰიდრავლიკური საქაჩის წარმადობა დღე-ღამეში180-200-დან 5 400 ტონამდეა, მაშინ, როდესაც ელექტროძრავაზე მომუშავე ტუმბოებს დღე-ღამეში მაქსიმუმ 3 ათას ტონამდე წყლის გადაქაჩვა შეუძლია.

გელა სამხარაული: რაც ვნახეთ, ამის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი გამოგონება, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა იამაყოს. ყოველგვარი ენერგიის გამოყენების გარეშე შესაძლებელია გარკვეულ სიმაღლეზე წყლის გადაცემა. შესაბამისად, ეს დანადგარი შეიძლება დაინერგოს როგორც სამელიორაციო სისტემებში, ასევე სასმელი წყლის მოხმარების შემთხვევაში, ბუნების დაცვის და სხვა მიმართულებით... ვფიქრობ, პროექტი სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად მხარდაჭერილი უნდა იყოს“.

მისივე თქმით, საზოგადოება ამ სიახლის ირგვლივ ინფორმირებული უნდა იყოს, რადგან შეძლოს იაფად, დანახარჯების გარეშე თანაბრად გაიუმჯობესოს, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე საყოფაცხოვრებო პირობები.

პარლამენტართა აზრით, იმ ქვეყანაში, სადაცა თასობით მდინარეა, სახნავ-სათესი მიწის დიდი ფართობებია დარჩენილი სარწყავი წყლის გარეშე, იმ სიახლის დანერგვას, რომელიც ეკონომიკურად საკმაოდ მომგებიანი ჩანს, სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა სჭირდება.

კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს გამოგონების პრაქტიკაში დასანერგად შუამდგომლობით მიმართავს.