საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთი დნესტრისპირეთთან და მთიან კარაბაღთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს ამზადებს. ამის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ სააგენტო „ტასს“ განუცხადა. მან დააზუსტა, რომ 2016 წლის 1 აპრილიდან ძალაში შედის კანონი „აფხაზეთში შესვლის და გასვლის წესების შესახებ“. კანონის ამოქმედების შემდეგ აფხაზეთში უვიზოდ მხოლოდ იმ ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ ჩასვლას, რომლებმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარეს და შესაბამისი შეთანხმება გააფორმეს.
სააგენტოს კითხვაზე პასუხისას, ხომ არ გამოიწვევს ეს ზომები აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის შემცირებას, ტანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები ჩადიან, ხოლო დსთ-ს სხვა ქვეყნების ტურისტთა რაოდენობა 7%-ს შედგენს.
მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უცხოელი ტურისტებისთვის ვიზების მისაღებად სპეციალური პუნქტი გაიხსნება. რაც შეეხება შრომით მიგრანტებს, ისინი აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე უნდა შევიდნენ, შეავსონ ანკეტა და ელექტრონული ფოსტით ის საკონსულო განყოფილებას გადაუგზავნონ. პასუხს უცხოეთის მოქალაქე ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.