საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი ქადაგიძის მიერ გადადგმული ნაბიჯები კრიზისის დროს არასაკმარისი იყო.
„რეგიონში განვითარებული ეკონომიკური, გეოპოლიტიკური მოვლენების გამო მდგომარეობა და ვითარება არაორდინარული იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქადაგიძესაც შეეძლო, მეტი ჩართულობით, თავისი საქმიანობის ღიაობით ეროვნული ბანკის პოლიტიკა უკეთ წარემართა“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
"მიუხედავად ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მთავრობის მხრიდან დიდი შეცდომებისა, ეროვნული ბანკის მხრიდან ისეთი ნაბიჯები განხორციელდა, რამაც ნაკლებად დააზარალა ეროვნული ბანკის მოცულობები“, - განაცხადა, თავის მხრივ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა.
გიორგი ქადაგიძეს 25 თებერვალს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურა.
დაუჭერს თუ არა მხარს “ქართული ოცნება” გიორგი ქადაგიძის სავარაუდო შემცვლელის კობა კვენეტაძის კანდიდატურას, კვირას პრემიერთან შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.