პოლიტიკა
მაღაროელთა ღამეული გაფიცვა ტყიბულში

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის  სხდომაზე ტყიბულში მაღაროელების გაფიცვის საკითხით დაინტერესდა. მან ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა.

 „ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1 იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები - უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს - შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

 "ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენი მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხის დარეგულირება", - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 მინისტრების დაპირებების მიუხედავად, დღეს ღამით მეშახტეებმა ტყიბულში იერიშით აიღეს და გაანადგურეს მაღაროების ადმინისტრაციის შენობა, ვითარება ტყიბულში უკიდურესად დაძაბულია და ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული რაზმები.