საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 22-23 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმს ხელი 2015 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას მოაწერა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება საქართველოდან ჩინეთში ექსპორტს, მათ შორის ღვინის, მნიშვნელოვნად გაზრდის.
ჩინურ მხარესთან შეთანხმებაზე საბოლოო ხელმოწერის შემდეგ საქართველოს განსაკუთრებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი (პრეფერენციალური სავაჭრო რეჟიმი) ექნება ქვეყნებთან, რომელთა მოსახლეობა 2 მილიარდ 200 მილიონზე მეტია.
გასული წლის ბოლოს „აბრეშუმის რკინიგზა“ ამოქმედდა. ტვირთის ჩინეთიდან ევროპაში საქართველოს გავლით ტრანსპორტირება ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობისა და მასში რკინიგზის როლის გამოხატვისა საუკეთესო საშუალებაა, მიაჩნიათ საქართველოს მთავრობაში.
„აბრეშუმის გზა“ უძველესი სავაჭრო გზაა, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ცენტრალური აზიის გავლით საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელმაც ჩინეთი ევროპის ქვეყნებს უნდა დაუკავშიროს და აზიასა და აფრიკასთან თანამშრომლობა გაამყაროს, 2013 წელს ჩინეთის მეთაურმა სი ძინ პინმა წამოაყენა.