საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარესთან ლია ჯახველაძესთან ერთად, თბილისში სტუმრად მყოფი ინგუში რეჟისორი და ბიზნესმენები მიიღო.
საკრებულოში გამართული შეხვედრის მიზეზი, რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვით, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ინგუშეთის სახელი მიენიჭა.
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მისალმების შემდეგ, ინგუში სტუმრების თანდასწრებით, ქუჩისთვის სახელის მინიჭების განკარგულებას მოაწერა ხელი.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ კი აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტი სტიმული მიეცემა და ეს ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.
თავის მხრივ სტუმრებმა გიორგი ალიბეგაშვილს და ლია ჯახველაძეს მიღებისთვის და ქუჩის სახელდებისთვის მადლობა გადაუხადეს.
გარდა ამისა, შეხვედრაზე ქართველ და ინგუშ ხალხს შორის არსებულ ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს თავმჯდომარემ ინგუშ სტუმრებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.
„განსაკუთრებულია მეგობრობა კავკასიელ ხალხებს შორის და ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველ და ინგუშ ხალხებს შორის ჩამოყალიბდა. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებდით მეგობრულ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამის დასტურია. ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი რომელიც თბილისის საკრებულომ გადადგა მომავალი ურთიერთობების გამყარების საფუძველი იქნება“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს შენობაში გამართულ შეხვედრას ფრაქციასთან „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორი მარგალიტა ხიდირბეგიშვილი, კავკასიოლოგი, პროფესორი მერაბ ჩუხუა, ქართულ-ინგუშური საზოგადოება „პრომეთეს“ დირექტორი შალვა ჩიტიშვილი და ისტორიის მაგისტრი მარიამ ბეჟიტაშვილი ესწრებოდნენ.