საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დავით ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან, რუსულ წყვდიადში.
“ქართული მხარე მალავდა “გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს და ეს რუსული მხარისგან გახდა ცნობილი. ჩვენ გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, “გაზპრომი“ - ეს არის რუსული წყვდიადი, გაყინული და ჩაბნელებული საქართველო. ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან, რუსულ წყვდიადში. ამიტომ ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა, ყველა იმ საზოგადოების წევრთან ერთად, რომელსაც არ სურს ქვეყნის უკან დაბრუნება, ყველა ამ წარმომადგენელთან ერთად ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანაც იქნება, რომ გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველოში “გაზპრომის“ და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
„საქართველოს მთავრობა და, კერძოდ, კალაძე პირდაპირ ლობირებენ “გაზპრომის“ და რუსეთის ინტერესებს. საქართველოს მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობასა და რუსულ ინტერესებს შორის დგას ხალხი. 6 მარტს იქნება აქცია კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე", - აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგო რატიანმა.