პუბლიკაციები
„გაწბილებული იმედების ოცნება“: გივი სომხიშვილი - „საქინფორმს“

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი.

 „ერის სიძლიერის საწინდარი მისი შვილების კეთილდღეობაა, რომელთათვის ყოველივე ეროვნული სიწმინდე საამაყოა და მასზე თავდაუზოგავი ზრუნვა გაუხუნარია; ამქვეყნიურ მაცდუნებელ ხიბლზე, სამშობლოს სიყვარულის ამაღლებაა.

 ამჟამად საქართველოში უძღები შვილების მომრავლების პანდემიაა, ქვეყანას დაკნინება-დაქცევისკენ რომ მიახრიგინებენ; თანდათან ახუნებენ და შთანთქავენ ყოველივე საამაყოს. უცხოეთის დამამცირებელ, უზნეო მოთხოვნათა შესრულებაში ხალხის ინტერესებს რომ არაფრად აგდებენ და ამგვარად იხვეჭენ მუხთალთა გობიდან სალაფავის თქვლეფას.

შეჰყურებ ავადმყოფის სარეცელზე დამხობილივით დაუძლურებულ სამშობლოს, მკურნალობის მაგიერ რომ უმატებენ მუხთლობის სამსალას დაქუცმაცება, გადაგვარება, გადასაჯიშებლად და გამოჯანმრთელების უებარ საშუალებად ასაღებენ იმას, რისაც არავის სჯერა. გული გიკვდება, რომ ვისაც ნამდვილი მკურნალობა შეუძლია მოღალატედ და უცხოეთის აგენტად ასაღებენ თავად უცხოეთის ლაქიები.

საქართველო არაერთხელ ყოფილა საშინელი განსაცდელის კარზე ყოფნა-არყოფნით. განსაცდელი კი მისი კოჭლი ტვინის უკუღმართი შვილების დამსახურებაა. კითხულობ გარნისის ბრძოლის შესახებ და სული გეხუთება, ალბათ, გაბუტული იღბალი თუ ბედის დაცინვაა, რომ ყველაზე საბედისწერო ჟამს მხარგრძელის მუხთლობის შედეგად საქართველო ჯალალ ედ დინის სათარეშოდ გადაიქცა.

სისხლისმსმელ დამბყრობთა მიერ მრავლად დაკბენილი და დაკნინებული საქართველო მაინც ერთიანი იყო, როცა უძღბმა და განდიდების მანიით შეპყრობილმა ეგოისტმა ქართველებმა ქვეყანას საშინელი დაშლა-დაქუცმაცების გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს და მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოსთვის საბოლოოდ მოუღეს ბოლო საქართველოს ერთიანობას, შედეგად დამბყრობთა სათარეშოდ აქციეს ერისთვის თავდადებულ მამულიშვილთა მიერ ნაფერები საქართველო. ძმათამკვლელი ძიძგილით, უცხოელთა თავხედური თარეშით ისე დაკნონდა და დაუძლურდა ქართველი ერი, რომ მეთვრამეტე საუკუნემდე ძლივს მიიტანა სავალალო არსებობა გაუმაძღარი მაჰმადიანი მეზობლების ძირგავარდნილი მადის სამსხვერპლოდ.

სასწაული მაინც მოხდა, ერი გადარჩა. ქართველთა მფარველმა ღვთაებამ ამჯერად მხსნელად რუსეთი მოუვლინა. ოღონდ 1812 წლის გამოცდა ჯერ კიდევ წინ იყო. ნაპოლეონი მთელი დასავლეთ ევროპის რესურსებით თავს დაესხა რუსეთს, წარმატებაში დარწმუნებულმა, სპარსეთსა და ოსმალეთს საქართველო თავისი ბაბუის ნახმარი პერანგივით გადაულოცა. დიდი მარჩიელობა არაა საჭირო რუსეთთან ერთად მებრძოლ ქართველ ერს რა მოსპობის უბედურებას დაატეხავდნენ თავს. ნაპოლეონის წინააღმდეგ მებრძოლი რუსეთის სამამულო ომში ქართველთა ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა. გადავრჩით. ქართველი ერი რუსეთის მფარველობით გამრავლდა, გამძლავრდა, აღორძინდა.

 თურქეთის, დღს ასე რომ ვეხუტებით როგორც გამძღარ მტაცებელს კრავი, მხარეს დარჩენილ საქართველოში ყოველივე ქართულის ფესვები მიმტაცებლის ძალადობით ამოიძირკვა, მოისპო, განადგურდა.

 მეფის რუსეთის პერიოდში, სხვა ყველაფერზე რომ არაფერი ვთქვათ, აყვავდა და ერის ნათელი გენიის სხივით გაბრწყინდა ქართული მწერლობა. მაშინ მოღვაწეობდა ილია ჭავჭავაძე ასე რომ ეთაყვანება ერი მის წმინდანად აღიარებულ ხსოვნას, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკოლოზ ბარათაშვბილი, იაკობ გოგებაშვილი და მრავალი მამულიშვილი, ვისი ძალისხმევით ქართული ენა დიდების საპატიო საფეხურით ამაღლდა.

საბჭოთა ,,იმპერიის“ პერიოდში კი ქართული მწერლობა გაბრწყინების სასწაულებს ახდენდა. იქნებ კონსტანტინე გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებელი“, ან ,,დიდოსტატის მარჯვენა“ იყო იმპერიული? ჭაბუა ამირეჯიბის ,,დათა თუთაშხია“ დღევანდელობაში რომ დაწერილიყო, ვინ დაბეჭდავდა უზარმაზარი ტირაჟითდა მის სიდიადეს მსოფლიოს გააცნობდა? არავინ.

 ახლა, როცა ცრუ დამოუკიდებლობის ხაფანგში ღრმად შემძვრალები ევროამერიკულ სატყუარა განცხრომას გამოკიდებულ უძღბ პოლიტიკოსთა ყეინობაში საქართველო უბედურ დღეთა ჭაობში უფრო ღრმად ეფლობა, ჭეშმარიტი ქრთული მწერლობა იმხელა შევიწროებას განიცდის, რომ არალეგარულ მდგომარეობას ჰგავს მისი არსებობა და არავინ იცის, შვებით როდის ამოისუნთქებს, მისი ზნეკეთილი, ამაღლებული, ადამიანური გრძნობებითგამსჭვალული შემოქმედების მადლს ნაზიარები ქართველი ხალხის სითბოს და საამაყო აღიარებას მიეფიცხება.

 სამაგიეროდ ყოველგვარი სიბინძურით, გარყვნილებით და სქესობრივი სიბილწით ამყრალებულები დიდ პატივში ჰყავთ, რამეთუ მათ ევროპელ მფარველებს ასე ეხუშტურებათ. ,,საიდუმლო სირობის“ ავტორი, რომლის სქესობრივი სიბილწე დედაზე იწევს; ,,ვირის სახარების“ ავტორი, ლექსების ტუალეტში წერით მოტრაბახე და ყველა მათი მსგავსი, რომელთა სახელის ხსენებაც კი სამარცხვინოა, ,,საბას“ პრემიის რამდენიმეჯერადი ლაურეატები არიან.. ბილწ ნაბღაჯნებს უბეჭდავენ, უთარგმნიან და საზღვარგარეთ კონკურსებზე აგზავნიან მათივე მსგავსების უზნეობით მოსაჯადოებლად.

ეს ხდება დამოუკიდებლობადაბრალებულ საქართველოში, რომლის ბრწყინვალე ლიტერატურულ მემკვიდრეობას ყველა მრავალრიცხოვანი ერი ისურვებდა.

 ალბათ, ადრეც იყვნენ ტუალრტის ბინძური, ზნედაცემული ჭიები, მაგრამ მათ არავინ ანებივრებდა და თავიანთი ნაცოდვილარის სიმყრალესთან ერთად გაქრნენ. იმავე კვალს გაყვებიან უზნეობის, ურცხვობის, გარყვნილობის და სიბილწის დღევნდელი პარაზიტები თავიანთი მფარველებიანად.

რასაც ვამბობ ჩემი ერის ტკივილების ნაკარნახები საღი აზრის ნაყოფია, რაზეც შეიძლება უცხოეთის გაწვრთნილმა ნაგაზებმა რუსეთის აგენტობა, ან საბჭოთა კავშირის ნოსტალგია მომაწერონ, მე, შევარდნაძის აღვირახნილობით ოცდარვა თვე სუკის დილეგში ნატანჯს, მაშინდელი ძალადობის მძიმე კოშმარს სიზიფეს ლოდივით მთელი სიცოცხლის განმავლობაში რომ ვაგორებ. რა ვუყოთ, იმ ცხოვრებას უჩნდებოდა ამგვარი შავი ხვრელები შევარდნაძის მსგავსი ერის და ბერის გამყიდველ მუხთალთა წყალობით. ამის გამო ხომ არ უნდა მოვსპოთ რაც სასიკეთო და ხალხის საკეთილდღეოდ გააჩნდა.

 ღირსეული მამულიშვილების სიცოცხლე ერის ასაყვავებლად ანთია და ამქვეყნიური განცხრომით ცხოვრების ცდუნება სამშობლოს უბედურებად მოვლენილ პარაზიტად ვერ გადააქცევს.

უზრუნველი ცხოვრების ლაქიათა ამქვეყნიურობა კი უბედურების ტოლფასია. რაც უფრო სახიფათოა მაშინ, როცა ამგვარი არსებები ქვეყნის მართვის სადავეებტან მოკალათდებიან და მუხთლობით გატენილ მიზნებს სამშობლოს ერთგულების იარლიყით ანთხევენ.

როცა ანგრევ, უკეთესში თუ არა, იმაზე უარესში მაინც არ უნდა შერგო თავი. საბჭოთა კავშირის დროს საქართველო წარმატერბული და პრივილეგირებული რესპუბლიკა იყო. რასაც ქმნიდა, იმაზე მეტი ხმარდებოდა საკავშირო ფონდებიდან. მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებით, განათლებით, ჯანმრთელობით, კულტურით, ხელოვნებით, სპორტით, თეატრით, კინოთი ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს არ ჩამოუვარდებოდა.

აუარებელი ქარხნები და მთლიანად მძლავრი მრეწველობა ვისი დახმარებით შეიქმნა? აგიშენეს, ნედლეულით გამარაგებდნენ და პროდუქციის გასაღების პრობლემები არ გქონდა. არნახულად გამძლავრებული და აყვავებული იყო სოფლის მეურნეობა. მსოფლიოს ერთი მეექვსედი ერთიან სამშობლოდ გეთვლებოდა იქ მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად. სადაც გინდოდა, წახვიდოდი, ვიზალიბერალიზაციისთვის სამარცხვინო ლაქუცი და ღრეჭა არ გჭირდებოდა. არავინ გაძალებდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების სიბილწით ყველა წმინდა და სპეტაკის დასვრას. ევროამერიკულმა დემოკრატიის ჭილყვავებმა რომელი ერი გაანებივრეს ასე?!

საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა მოკავშირე რესპუბლიკა დამოუკიდებლად იქცა, რადგან ის აღარ არსებობდა, რომლის დაშლას თვითონ რუსეთი ზეიმობდა. ჩვენ კი რუსეთს იმპერია შევარქვით, უმადურობის გრძნობით მოჯადოებულებმა მასთან მეგობრობის სიკეთის მადლი, ურთიერთპატივისცემის სიტკბო და კეთილდღეობა, უცხოთა წაქეზებით, ჩვენდა საუბედუროდ გავიმწარეთ. მოჩვენებით მეგობრებთან სამარცხვინო ლაქუცით ჩამორჩენილი და გამათხოვრებული ქვეყნის ყულფში შევყავით თავი.

დამოუკიდებლობა თუ გვინდოდა, ხომ გვყავდა ეროვნული ხელისუფლება, ევროამერიკელთა ლაქუცობა რომ არ იკადრა და ამის გამო დინების საწინაარმდეგოდ მოცურავედ მონათლეს; ვინმე სხვა მოვიდა მის დასამხობად? დინების მიმართულებით მოცურავე „თეთრი მელა“ რა სიკეთის მომტანი იყო, არ ვიცოდით? დემონსტრაციების დახვრეტა, ძარცვა-რბევა, სახალხო ქონების დატაცება-განიავება; სამეგრელოს საშინელი აოხრების შემდეგ აფხაზეთის ომი და იქიდან სამარცხვინოდ გამოპანღურებულის მიერ თბილისქალაქობის ზეიმი აფხაზეთის ქართველების საშინელი უბედურების ფონზე. ამაზე უკეთესს რას ინატრებდა შაჰ-აბასი, თუნდაც აღა მაჰმად ხანი. სოფლის მაოხარი გზირი რას შემოგვთავაზებდა, მისგან გამოჩეკილ-დაბუმბლულ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უარესს.

ფაშიზმი ევროპაში აღმოცენდა და კაცობრიობას არნახული საფრთხე შეუქმნა. რა მოხდებოდა, რომ მათი დანაშაულობები არ გაემჟღავნებინათ, თავკაცები არ გაესამართლებინათ და ფაშიზმი არ აეკრძალათ? ისინი გველივით გამოიცვლიდნენ ტყავს, ანგელოზის ფრთებით შეიმოსებოდნენ, უამრავ ობივატელს გააბრიყვებდნენ და კაცობრიობას იმაზე უარეს უბედურებას დაატეხდნენ თავს, რაც ჩაიდინეს.

ეტყობა, ევროამერიკელ ბოსებს ფაშიზმის ნოსტალგია მოეძალათ და საქართველოში, სადაც ყველაზე მორჩილი ლაქიები ყავდათ, ნეოფაშიზმის აღორძინების ექსპერიმენტი მოაწყეს. შედეგად სამამულო ომში დარუპულთა ობელისკების მსხვრევა; უდანაშაულო ადამიანებით ციხეების გავსება; ქუჩებში დახვრეტები. იმ უბედურებებს რა ჩამოთვლის, რაც მათ ქართველ ერს მოუტანეს. ძირითადი მიზანი კი საქართველოს გაერთიანების არდაშვება ჰქონდათ. შევარდნაძემ რუსეთთან სავიზო რეჟიმის მიღწევით მუხთლობის შესაძლებლობა ამოწურა. მისი ახლით შეცვლა გახდა საჭირო და დაიდგა კიდეც მიშა-ნიშამ ქვეყნის ამომგდების სამარცხვინო გვირგვინი. მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის აღდგენაა აფხაზებთან და ოსებთან ნორმალური ცხოვრების გარანტია. თანდათან დნებოდა კიდეც ბოროტი უნდობლობის ყინული. ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს იძენდა. საჭირო იყო გადამწყვეტი ზომების მიღება. ამერიკელთა ერთგულმა ძაღლიშვილმა მძინარე ცხინვალს გრადების სეტყვა დაატეხა თავს. შედეგად დაკარგული ტერიტორიები, აფხაზების და ოსების გაუცხოების პროცესის კიდევ უფრო დაღრმავება. ბრწყინვალედ შეასრულა დავალება და მისი ავანტიურა რუსეთ-საქართველოს ომად გასაღდა. გამძვინვარებულ ნეოფაშიზმის ტყვეობაში მყოფი საქართველო კი „დემოკრატიის შუქურად“ მოინათლა. ამერიკელთა ხუშტურებზე მორგებული კაცთმოძულე თუ წმინდანად შეგასაღეს, არ გაგიკვირდეთ, რადგან ისინი დემოკრატიას ინდულგენციებად ასაღებენ თავიანთ ლაქიებზე.

კაცობრიობამ ადამიანთა წამების და დამცირების უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა, მაგრამ იმას საგრძნობლად ჩამორჩება, რაც ფაშისტებმა ჩაიდინეს. ამხელა გამოცდილების მიუხედავად დღემდე არავის უკადრია ის სიბინძურე, რითაც ნაციონალებმა გამოიჩინეს თავი და მსოფლიოს ტანჯვა-წამების სატანური წიგნი ახალი ფურცლით გაამდიდრეს. მათმა ევროამერიკელმა მფარველებმა კი ისე მიიღეს ეს ამბავი, ბავშვის მიერ ფინჯანის გატეხვას რომ ახლავს.

საქართველოში თავიანთი ლაქიები სათანადოდ დამოძღვრეს და ხელისუფლებას, რომელიც ნაციონალების შემდეგ არც ისე ესიმპატიებათ, კულისებში ენერგიულად უქნიეს თითი. მათაც მორიგი შეგონება გამოაცხეს - ხალხის ნერვებს, ზნეობას, ეშმაკმა იცის, კიდევ რას ვუფრთხილდებით, საზარელ კადრებს ამიტომ არ ვაჩვენებთ და გავანადგურებთო. ასე მიუგდეს კატას ფილტვი. ნაციონალთა ბოროტებას მტკვარი და რიონი რომ ვერ ჩარეცხავდა, ენის ერთი მოქნევით გააქრეს, მაგრამ გაჟონა ამ კადრების არსებობამ და მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა ნახა. შეიძრა ევროამერიკელ ნებიერთა სიმშვიდე. თავდაცვის მინისტრი ქალბატონიც გაგვინერვიულეს, ვინც ეს კადრები სახალხოდ გამოიტანა, სასტიკად უნდა დაისაჯოსო.

ფაშისტთა საშინელი დანაშაულობანი რომ დაემალათ და გამსაჯაროებელი დაესაჯათ, ის მოხდებოდა, რაც დღეს საქართველოში ხდება: დამბლადაცემული ხელისუფლება და რაემინირებული ნაციონალების რევანშისტული ღავღავი.

არადა ხალხი როგორი იმედით იბრძოდა „ქართული ოცნების“ გამარჯვებისათვის და ნაციონალთა გასაქცევად ჩემოდნების შეკვრის ფაცაფუცი დამნაშავესათვის სამაგიეროს მიზღვის მუსიკად ესმოდა. მაგრამ უცხოეთიდან შემოტენილმა კოჰაბიტაციამ „ქართულ ოცნებას“ ისე დაუბლაგვა ბრჭყალები, რომ გამოსაფხიზლებლად გვერდების მოფხანვაც კი უჭირთ. ამაზეა ნათქვამი: მგელს დაინდობ, ცხვარს დაკარგავო. თუმცა ქართველი ხალხი ცხვარი არ არის და მისი ინტერესების ვიღაც უცხოელის თავხედობაზე გადაცვლას მწარე სინანული ახლავს.

დაქუცმაცება-გადაჯიშების ჯადოქრობას მაინც ვერ დავეღწიეთ. თბილისის ცენტრიდან გაძევებული ქართველი ერის სიამაყე - დავით აღმაშენებელი ისევ დიღმის შარა გზიდან მიიჩქარის დასავლეთისაკენ. ქუთაისის ცოდვიან პარლამენტის შენობაში განცხრომით მოკალათდნენ რესპუბლიკურად მეოცნებენი ნაციონალებთან ერთად. ბაქრაძესაც მეურნის მამალივით ძველებურად აყივლებენ და არავინ ეკითხება, რატომ დაარბიეს თბილისში პარლამენტის დარბაზი. ბათუმიდან საკონსტიტუციო სასამართლოც აბობოქრდა, უცხოელებზე მიწის გაყიდვა რატომ შეაჩერეთ; რუსთავი ორის კანონიერ მფლობელზე საქმის გარჩევას არ დავუშვებო.

სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ნაცრის ამტვერებით ნაციონალები, ჯერ რომ არ მიეღო მოსამართლეს გადაწყვეტილება, ცილისწამების ქარბუქით ესხმოდნენ თავს. ხელისუფლებას კი სასამართლოზე ზეწოლას უკიჟინებდნენ, რომელიც საცოდავად ირწმუნებოდა, მე სასამართლოს საქმეებში არ ვერევიო. კარგი, არ ერევი, მაგრამ არც მოსამართლის დაცვა გევალება, კინაღამ რომ შეჭამეს? ან რა შუაში იყო „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ორ მესაკუთრეს შორის მიმდინარეობდა გარჩევა და რუსთავი ორის მფლობელი არ ჩანდა.

ევროამერიკელმა მფარველებმა დამნაშავე ნაციონალების დესანტი უკრაინაში რომ გადასხა, იქიდან წამოიწყეს დამოძღვრა ადგილზე კოჰაბიტირებული ნაციონალების, მათი არასამთავროების ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ცხოვრების ასარევად აშკარა წაქეზებით. პროკურატურამ ამ საქმის გამოძიებაც კი გაბედა, მაგრამ...

ხელისუფლებას ეროვნული ბანკიდანაც დაუქნიეს თითი, ჩვენი საქმიანობით დაინტერესების უფლება არ გაქვთო. ევროპის სახალხო პარტიაც ამოხტა თავისი უფლებების კანიდან, ნაციონალების თავხედობას ხელს ნუ უშლით, თორემ დემოკრატიის სახელით თქვენი გაევროპელობისათვის ღრეჭა გაგიქარბუქდებათო. ნიკა გვარამიასაც ამერიკაში გასაქცევად ბლანჟე რომ აბურძგვნოდა, ახლა წარმატებაში დარწმუნებული, მევენახეობის, მეციტრუსეობის და მეჩაიეობის ამოსაგდებად აეშალა ქართველთა დაბეჩავების საღერღელი.

რუსთავ ორში კი უცხოეთის საკვებურის ქოსმენ ნაციონალების გნიასია. გათეთრების მსურველი ყვავების ყრანტალი სამოთხის ჩიტების გალობად რომ სურთ, შემოგვასაღონ.

ამ ხელისუფლებამ რაღა ქნას, როცა ყოველი მხრიდან ესხმიან თავს ისინი, ვინც დაინდო. ამერიკის ელჩიც წყაროზე ჩამომჯდარი დევივით, ერის და ბერის დაწყურების საშუალებას არ იძლევა.

ირაკლი ღარიბაშვილი კი, ეტყობა, უხერხულად გაეჩხირათ ქართველთა გადაჯიშებისკენ მიმავალ გზაზე და დაიწყეს მასზე ყაყანი კახური კლანის აღზევების ცილისწამებით მაშინ, როცა სხვათა ნამდვილი კლანები სულაც არ აშფოთებთ.

ამერიკა მთელს მსოფლიოში ერთსქესიანთა ქორწინების სიბინძურის დაკანონებისთვის ჯვაროსნულ ლაშქრობას აწყობს, ამან კი თამამად განაცხადა, ოჯახი მხოლოდ ქალისა და მამაკაცისაგან იქმნებაო. ამერიკელთა ნებიერი ალასანია არავის რომ არ სცნობდა და ქვეყნის ერთმმართველი ეგონა თავი, ისე მოაძრო თავდაცვის მინისტრობიდან, ამერიკის ელჩის კაბინეტიდან ნებივრად გამოსულმა კარების მიხურვაც ვერ მოასწრო. დაინიშნა სამხედრო საქმის მცოდნე, პირუთვნელი მინისტრი, რომელმაც უკრაინაში სამხედროთა ექსპორტი საჯაროდ გააკრიტიკა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, გადააყენეს და ახალი მინისტრის დანიშვნით ისეთი აბუჩად აგდების მოწმენი გავხდით, ცოცხლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართველთა საამაყო წინაპართა ხსოვნას შეაჟრიალა.

კიდევ ერთი მორიგი კომედია გათამაშდა, ღარიბაშვილი საანგარიშო მოხსენების გაკეთების შემდეგ გადადგა პრემიერობიდან. მისი საქმიანობა წარმატებად შეაფასეს და გადადგომა მოუწონეს; გინდა დაიჯერე, გინდა არა. მოკლედ, ეს უკვე მერამდენედ გვაჩეჩებენ უმ ბადრიჯანს, კიტრად დაღეჭეთო.

სწორად შერჩეული კადრები კი შეუფერხებლად დაშლიგინებენ ევროატლანტიკურ შარა გზაზე.  შერიგების და თანასწორობის მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი სწორედ შერჩეული კადრების იშვიათი წარმომადგენელია, ემოციების ტყვეობაში რომ იძახოდა, ჩვენ უკვე ევროპელები ვართ, აფხაზებო, თუ არ გამოგვყვებით, მანდ დარჩებითო. კიდევ კარგი, აფხაზებს მისი ბლუკუნის გასაშიფრი აპარატი ჯერ არა აქვთ, თორემ სანამ ჩვენს დაბოლებას დაამთავრებდა, მათ უკვე ევროპაში ვიხილავდით.

როცა გვყავს ქართველთა და აფხაზთა ძმობისა და მეგობრობისთვის თავდადებული, საღად მოაზროვნე, ხალხის საყვარელი პატრიოტი ადა მარშანია, შენ კი ზაქარეიშვილს ნიშნავ ამ საქმის თავკაცად, როგორ დაგიჯეროთ, რომ შერიგება გინდა?!

შეიძლება, საგარეჯოს არჩევნებმაც შესძინა „დემოკრატიის შუქურას“ სხივთა კონა, ამის გარკვევა მხოლოდ მის ევროამერიკულ სამჭედლოში თუ მოხერხდება. ჩვენ კი ის ვიცით, რომ ირმა ინაშვილმა სიცოცხლის რისკის ფასად ამხილა ნაციონალთა საშინელი დანაშაულობანი და წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში; ხალხის ისეთ პატივისცემას ეზიარა, როგორსაც იმსახურებს ერის საამაყო მანდილოსანი. მის არჩევნებში დასამარცხებლად ისე გაისარჯნენ, რომ უამრავი ჭორი და არჩევნების უნდობლობის ბარტყები აუფრინდათ იმათ, ვისაც პარლამენტში უზით ქართველი ერის უსპეტაკესი, ღირსეული და საამაყო მამულიშვილების მაგინებელი -  ლევან ბერძენიშვილი; ალბათ, მომავალ არჩევნებშიც ეცდებიან მის პარლამენტში წამოსკუპებას.

არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმაც მაჟორიტარების არჩევნების გაუქმების მოთხოვნით ისეთი ხმაური ატეხეს, თითქოს ამით სწორდებოდეს მთა-ბარი. რაღა სტრასბურგში დარბიან საჩივლელად, მიაკრან ბერძენიშვილის სურათი მურაბის ქილას და მათი პარტიის კოალიციას; პირველს ჭიანჭველა შემოფრთხება, მეორეს - ამომრჩეველი.

ვინც საქართველოს გაერთიანების წმინდათაწმინდა ეროვნულ საქმეს თავის ეგოისტურ-მომხვეჭელური ამბიციების დასაპურებლად გაწირავს, მისი ბოლო მუხთლის განუკურნავი მწარე სინანულია.

ქართველი ხალხის ოცნება კი საქართველოს გაერთიანება და ყველასთან ერთად ძმურ ოჯახში ცხოვრებაა, რამეთუ დაქუცმაცებას იქ მივყავართ, რაზეც შეგვახსენებენ ისტორიის მწარე გაკვეთილები.

ანტირუსული ისტერიით შეპყრობილთა მიერ რუსეთთან დაახლოების მომხრეთა მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნის ყბედობა სხვა არაფერია, თუ არა ნეოფაშისტთა შიგთავსის საქართველოს უარეს უბედურებად დათხევის მცდელობა.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობის მაგიერ, მასთან უფრო გაუცხოება და ბოროტი დაპირისპირება ქართველ ერს უარესი უბედური მომავლით ემუქრება“.

გივი სომხიშვილი
მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი,
აკადემია „აია“-ს ნამდვილი წევრი