საზოგადოება
„ხიდაშელის მინისტრობა ჯარისკაცების შეურაცხყოფაა“ – ლევან ვასაძე

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, რომელიც მან "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის შეყვანა ამერიკამ დააძალა.

 „მინდა მჯეროდეს, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის შეცვლისას ამერიკელებმა დააძალეს ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკელების კოალიციაში შეყვანა და ეს მისი იდეა არ იყო. მიმაჩნია, რომ რესპუბლიკელები ტროას ცხენივით შემოჰყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში და უცხოელი პატრონების დაკვეთით მოექცნენ ხელისუფლების სათავეში", - განაცხადა ვასაძემ.

 „ქალბატონ თინა ხიდაშელს ნათქვამი აქვს, მე სულ არ მედარდება, საქართველო დაიბრუნებს თუ არა აფხაზეთსო და დღეს ის ჩვენს მეომრებს ხელმძღვანელობს, რაც მათი შეურაცხყოფაა. ლევან ბერძენიშვილის მიერ კაგებესთვის მიცემული აღიარებითი ჩვენებები კი ყველას წაკითხული გვაქვს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 ვასაძე დავით ბერძენიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან ლევან ვასაძე დასავლეთის მიმართ ნიჰილისტური განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მას რესპუბლიკელებისგან სასწავლი არაფერი აქვს.