საზოგადოება
„მიუღებელი და დაუშვებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება“ – თამარ სანიკიძე

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა ეპიცენტრში“ მაყურებლის მიერ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ ვის უნდა მიმართოს მშობელმა, როდესაც მისი შვილი განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის გამო სხვა მოსწავლეების მხრიდან დაცინვის ობიექტია, კერძოდ, იმ დროს, როდესაც სასწავლო დღეს სკოლაში მოსწავლეები ლოცვით იწყებენ.

 „სკოლა არის ადგილი, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი რელიგიური, პოლიტიკური და ა.შ. გავლენისაგან. აბსოლუტურად მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება, იმიტომ რომ საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა და ჩვენ ამას ვერ ავცდებით. ყოველთვის იქნება სკოლა, სადაც იქნებიან სხვადასხვა რელიგიის თუ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ეს არის დაუშვებელი, ეს არის კანონის დარღვევა და როგორც კანონის დარღვევის აღმკვეთი, ამ შემთხვევაში უკვე შემოვდივართ ჩვენ. რაც ნიშნავს, რომ არსებობს მონიტორინგის სამსახური, სადაც მსგავსი დარღვევა ფიქსირდება და თუ არის ბულინგთან დაკავშირებული, ეს გადადის მანდატურის სამსახურში. თუ ეს არ არის დაკავშირებული ბულინგთან და ადმინისტრაციული სახისაა, ამაზე უკვე გადაწყვეტილებას სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იღებს”, – განაცხადა, კერძოდ, თამარ სანიკიძემ.