პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ჩეხეთში სასწავლებლად მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ახალგაზრდები ბაკალავრისა და სამაგისტრო პროგრამების სხვადასხვა პროფესიას ჩეხეთის აგრარულ უნივერსიტეტში, ჩეხეთის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, ჩარლზის უნივერსიტეტში, ანგლოამერიკულ უნივერსიტეტში და პრაღის უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში ეუფლებიან.

 “თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ჩვენი ქვეყნისთვის და რაც შეიძლება მალე უნდა ჩაერთოთ ჩვენი ქვეყნის მშნებლობაში. ჩვენი ქვეყანა თანდათან უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდებისთვის, მათთვის, ვინც მიიღეს განათლება დასავლეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იყოთ მონაწილე ყველა იმ პროცესის, რაც დღეს საქართველოში ხდება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრის დასაწყისში.

 სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია განათლების სფეროში დაგეგმილმა რეფორმამ, რომლის წინაპირობაც იქნება სახელმწიფო შრომის ბაზრის ფუნდამენტური კვლევა საქართველოსთვის საჭირო პროფესიების განსაზღვრისათვის.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ესაუბრა. ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ შევქმნათ მაქსიმალურად დემოკრატიული სივრცე არჩევნებისთვის. ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, არ შეიძლება, ვიცხოვროთ კონფრონტაციულ რეჟიმში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „ახალგაზრდობის ჩართულობა ჩვენი მიზნების განხორციელებაში არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ყველა თქვენგანს ველოდებით საქართველოში”, - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველ სტუდენტებთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა.