საზოგადოება
„ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს "ჩვენიანებად" და "არაჩვენიანებად"“ - კვაჭანტირაძე

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანაგუნდელებს მიმართავს:

 „უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს, რომ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება სერიოზულად და პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს "ჩვენიანებად" და "არაჩვენიანებად", ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმაზე კი არ იზრუნებს, რომ ჯერ კიდევ გუშინ სხვისი მხარდამჭერი თავისკენ გადმოხაროს, გვერდში დაიყენოს, არამედ უგუნურად იმაზე ხარჯავს დროს და ძალას, თუ როგორ მოიძულოს, გარიყოს და საბოლოოდ დაუბრუნოს თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს ასეთი პოტენციური ამომრჩევლები - საკუთარი მოქალაქეები.

 ჩვენ საკუთარ მოქალაქეებს ვერ მოვექცევით ისე, როგორც ექცეოდა მათ წინა ხელისუფლება, ვერ დავყოფთ მათ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად.

 ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის წინაშე ერთი უმთავრესი შიდა გამოწვევა დგას - საზოგადოების სრული კონსოლიდაცია და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე.