საზოგადოება
სამუშაო შეხვედრაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები განიხილეს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გააქტიურება და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა - ეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი პრიორიტეტებია.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების მიმართულებით.

საუბარი შეეხო დიალოგის მნიშვნელობას და ამ პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმის როლს. სამუშაო შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარება ხელისუფლების პრინციპული პოზიციაა.