აქტუალური
„თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებული განცხადებები ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივია“ – ხათუნა სამნიძე

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გავხდით, საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი. 

რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა - ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით.

კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი, რაც ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე, შექმნილი  ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის  წარმატებულ ფუნქციონირებას“.